On:Time – „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა YouTube-ზე გადაცემა დაიწყეს

On:Time – „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა YouTube-ზე გადაცემა დაიწყეს
„მთავარი არხის“ წამყვანები ნათია გოგსაძე და თეა ადეიშვილი ახალ გადაცემას YouTube-ზე იწყებენ. პირველი გადაცემა გუშინ, 5 აპრილს გამოქვეყნდა და პირველი სტუმარი, ტელეწამყვანი და ნანუკას ფონდის დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი იყო.

On:Time ჰქვია და ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს დაეთმობა. წამყვანები მაყურებელს უცხოეთიდან პირდაპირ ჩართვებსაც ჰპირდებიან.

“მოგესალმებით ყველას, ვისთვისაც ეს ერთთვიანი პაუზა უფრო ხანგრძლივი იყო და ვისთვისაც თავისუფლებისთვის ბრძოლის ჩამქრალი ნებისმიერი კერა განსაკუთრებით მტკივნეულია. ეს დრო, ეს იძულებითი პაუზა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუდამ მოვლენების ეპიცენტრში ვართ, მარტო პროფესიულ ტაიმ-აუტს კი არა, პირველ რიგში ბრძოლის ველზე თითქოს უიარაღოდ დარჩენას ნიშნავს.

უამრავი კითხვა ყველგან და მაყურებლის შეგულიანება აღმოჩნდა მთავარი კატალიზატორი და დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ დაგვეწყო რაღაც ახალი. სწორედ ამ დროებითი პაუზის გამო თქვენთან შეხვედრისა და ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალი პლატფორმა შექმენით.

ჩვენ „მთავარი არხიდან“ არ წავსულვართ, პირიქით, ჩვენს გუნდთან ერთად ახლა იმის ძიებაში ვართ, როგორ დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ საქმეს, ეკრანსა და მაყურებელს, თუმცა მანამდე რომ არ გავჩერდეთ და არ გავჩუმდეთ, ისევ ვიყოთ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ მართლაც გარდამტეხ მომენტში, გადავწყვიტეთ შევქმნათ იუთუბ არხი, სადაც ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ თემაზე ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება, იცვლება პოლიტიკური ცენტრები , იმედია, გაგრძელდება ევროპის კონსოლიდაცია და რადიკალური ძვრები უკრაინის ფრონტზე, ქვეყნის შიგნით კი რეჟიმის მცდელობა – ბოლომდე დაამყაროს დიქტატურა და მოსპოს წინააღმდეგობის ყველა კერა, სივრცე და ტერიტორია.

ამიტომ დროულია შევქმნათ ახალი პლატფორმა და დავიწყოთ თქვენთან შეხვედრა იუთუბზე არხით, რომელსაც ასეთი სახელი მოვუფიქრეთ „On Time’” იმიტომ, რომ ახლა სიჩუმე და გაჩერება დანაშაულია. იმიტომ რომ ყველა წუთი ახლა განსაკუთრებით ძვირფასია !!! ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ტელევიზიას, აუცილებლად დავუბრუნდებით ეკრანს, თუმცა ეს დუმილის პაუზა, რომელიც განსაკუთრებით დამთრგუნველია, უნდა დავარღვიოთ.

ამ უჰაერო სივრცეში, სადაც ხელისუფლება ცდილობს ყველა ხმა დაახშოს,ჩვენ გადავწყვიტეთ On Time ვიყოთ ონლაინ. მოგვწერეთ, რა გაინტერესებთ, რისი ნახვა გინდათ ჩვენგან და რა ფორმატი იქნებოდა ყველაზე მისაღები ამ პირობებში”, – წერენ წამყვანები.

„მთავარი არხი“ შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო აღარ მაუწყებლობს. 15 თებერვლიდან შეჩერდა ყველა ის პროგრამა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რამდენიმე კვირაში კი მაუწყებლობა სრულად შეწყდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *