სპორტის სამინისტროდან იუსტიციაში – პაატა სალიას მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

სპორტის სამინისტროდან იუსტიციაში – პაატა სალიას მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა
“ქართული ოცნების” მთავრობის კაბინეტის იუსტიციის ახალ მინისტრს, პაატა სალიას ერთი ახალი მოადგილე, ლაშა მაღრაძე ჰყავს.

მაღრაძე ამ დრომდე წლის დასაწყისში შექმნილი სპორტის სამინისტროს მინისტრის, შალვა გოგოლაძის მოადგილე იყო.

ყოფილი უწყების მიერ მითითებული ინფორმაციით, ლაშა მაღრაძეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სააღსრულებო და სასამართლო სისტემა, სამოსამართლო სწავლება, ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

მინისტრის მოადგილე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი იყო. ლაშა მაღრაძე „ტრენინგებისა და მართვის საკონსულტაციო გუნდის (TMCT)“ და „სამართლის ინოვაციური სკოლის”.

თანამდებობა შეინარჩუნა ანრი ოხანაშვილის ორმა მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ და ბექა ძამაშვილმა. ამრიგად, პაატა სალიას ამ ეტაპზე 3 მოადგილე ჰყავს.

ჩანაცვლებები და ცვლილებები

აღსანიშნავია, რომ “ოცნებაში” ბოლო ორი კვირის განმავლობაში დიდი საკადრო ცვლილებებია. რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაიყო. ახალი მინისტრი სუსის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, რიგ საკითხებზე, მათ შორის მოადგილეებზე განსხვავებული აზრის გამო, ლილუაშვილი მინისტრი აღარ იქნება. სუსი იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ჩაიბარა.

რეგიონულ განვითარებას თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ჩაიბარებს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასახელდა და 7 აპრილს დაამტკიცეს კიდეც. მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა – ლაშა გოგნიაშვილი, მანამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

4 აპრილს გაირკვა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა გრიგოლ ბესელიამ [“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა].

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი გიორგი ბუხრაშვილი გახდა – მანამდე ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას სამცხე-ჯავახეთში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *