დიდი ბრიტანეთის მხრიდან ქართული ოცნების მაღალჩინოსნის სანქცირების შემდეგ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამმის კომენტარიცაა.

სანქციების დაწესების შემდეგ, მან განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების განხილვას იქამდე, სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას.

“მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად ქართული ოცნების მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.

დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა”, – თქვა მან.

დიდმა ბრიტანეთმა დღეს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს – შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს – კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *