“ისნის გზაზე მიწის მცირე მასა ჩამოიშალა” – თბილისის მერია

“ისნის გზაზე მიწის მცირე მასა ჩამოიშალა” – თბილისის მერია
თბილისის მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, ლევილის N6-ში, გზაზე მიწის მცირე მასა ჩამოიშალა.

როგორც მერიაში Bm.ge-ს უთხრეს, გზა უკვე გაწმენდილია და გახსნილია.

აღნიშნულ საკითხზე გიორგი გახარიას პარტიამ, თბილისი საქართველოსთვის გაავრცელა განცხადება, რომ ეს ფაქტი სერიოზულ შეკითხვებს აჩენს ქალაქის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ და ასევე თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ინფორმაცია ბოლო დღეებში მომხდარი ყველა ჩამოშლილი მონაკვეთის შესახებ.

“რამდენიმე წუთის წინ თბილისში, სანაპიროზე, ისნისკენ მიმავალ გზაზე მიწა ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, წვიმის შედეგად, მიწის ჩამოშლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს ფაქტი სერიოზულ შეკითხვებს აჩენს ქალაქის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მონიტორინგის სისტემისა და საპრევენციო პოლიტიკის ეფექტიანობის შესახებ.

თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ინფორმაცია ბოლო დღეებში მომხდარი ყველა ჩამოშლილი მონაკვეთის შესახებ – რა იყო თითოეული შემთხვევის მიზეზი, ბოლოს როდის შეამოწმეს აღნიშნული უბნები და ვინ არის პასუხისმგებელი.

აუცილებელია რისკის ზონების დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა შესაძლებელი იყოს პრევენციული მოქმედება და არა მხოლოდ საფრთხის რეაგირება ფაქტის შემდეგ.თბილისი დღითიდღე უფრო დაუცველი ხდება, მოქალაქეები კი ყოველდღიურად რეალურ საფრთხეში იმყოფებიან.მოქალაქეთა უსაფრთხოება ურბანული პოლიტიკისა და მმართველობის უპირობო პრიორიტეტი უნდა იყოს”, – წერია თბილისი საქართველოსთვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში, 8 აპრილს გზა ჩაინგრა რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მარცხენა სანაპიროზეც. გავრცელებული ინფორმაციით, გზის სავალ ნაწილზე ბზარები მერიამ გუშინ შენიშნა და გზა გადაკეტა. ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის მერიამ ₾5 მილიონის შესყიდვა გამოაცხადა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *