შვეიცარიული სკოლა “კავკასია” რძის პროდუქტების ასორტიმენტს აფართოებს – რას შესთავაზებს მომხმარებელს?
შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია” რძის პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა, თინა მახარაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისივე ცნობით, ან დრომდე კომპანია მხოლოდ ყველსა და რძეს ყიდდა, თუმცა რძის სკანდალის და მცირე მეწარმეებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მათმა სკოლამ გადაწყვიტა, რომ წარმოება გაეფართოებინა და ასორტიმენტში ისეთი საბაზისო პროდუქტები დაემატებინა, როგორიცაა ხაჭო, არაჟანი, კარაქი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიულმა სკოლამ “კავკასია” ვერაზე, 1-ელ მარტს საკუთარი ბრენდული მაღაზია Margaliti collection გახსნა, სადაც გარდა მათი პროდუქციისა, სხვადასხვა მცირე მეწარმის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს თავი მოუყარა. ამასთან, მაღაზიაში სამზარეულო ფუნქციონირებს, სადაც კერძები და დესერტები ქართული ინგრედიენტებით მზადდება. მახარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მაღაზია სულ რაღაც 1.5 თვეა ბაზარზეა, მოთხოვნა დიდია.
„მანამდეც ვფიქრობდით საბაზისო რძის პროდუქტების დამატებას, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა [რძის სკანდალმა] ბიძგი მოგვცა, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. თანაც ცოტა ხნის წინ, 1-ელი მარტიდან თბილისში ჩვენი სარეალიზაციო წერტილი Margaliti collection გაიხსნა. ბრენდული მაღაზია ვერაზე მდებარეობს, სადაც საშუალება გვაქვს, რომ მომხმარებელს პროდუქცია ჩვენ თვითონ მივაწოდოთ.
Margaliti collection-ში ჩვენს პროდუქციასთან ერთად, სხვა მეწარმეების პროდუქციაც არის წარმოდგენილი, რომელიც რძის ნაწარმსაც სცდება. ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოში საუკეთესო პროდუქტები შეგვეკრიბა. სახელიც Margaliti collection ამიტომ დავარქვით. ამასთან, სამზარეულოც გვაქვს, სადაც კერძები ქართული ინგრედიენტებით მზადდება. ასევე ვაცხობთ პურს ქართული ხორბლისგან და ვამზადებთ დესერტებს ჩვენი კარაქით და არაჟნით, რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ სამზარეულოში გამოიყენება, თუმცა მათი რეალიზაციაში დამატებაც იგეგმება“,- ამბობს თინა მახარაძე და დასძენს, რომ კომპანია ცდილობს, მცირე მეწარმეებს გასაღების ობიექტი შეუქმნას.
მისივე ცნობით, ამ დროისათვის იოგურტი უკვე რეალიზაციაშია ჩაშვებული, ხოლო კარაქს, არაჟანსა და სხვა პროდუქტებს ზაფხულის განმავლობაში დაამატებენ.