ტრამპის პოლიტიკის გამო, Wood Mackenzie-მ აშშ-ის ქარის ენერგიის პროგნოზი 40%-ით შეამცირა

ტრამპის პოლიტიკის გამო, Wood Mackenzie-მ აშშ-ის ქარის ენერგიის პროგნოზი 40%-ით შეამცირა
ენერგეტიკის კვლევის ცნობილმა სააგენტო Wood Mackenie-მ აშშ-ის ქარის ენერგიის 5-წლიანი პროგნოზი 40%-ით შეამცირა, რის მიზეზადაც ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა და ეკონომიკასთან დაკავშირებული არასტაბილურობა დაასახელა.

სააგენტოს პროგნოზით, 2029 წლის ჩათვლით შეერთებულ შტატებში ქარის ონშორული და ოფშორული ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 45.1 გიგავატით გაიზრდება. განახლებამდე, ეს საპროგნოზო მაჩვენებელი 75.8 გიგავატს აღწევდა იმავე პერიოდში.

პროგნოზის თანახმად, აშშ-ში ელექტროენერგიის მოხმარება 2025-26 წლებში რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს და ასევე რეკორდულ 2024 წელთან შედარებით 3%-ით გაიზრდება. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, მოხმარების ზრდა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მონაცემთა ცენტრებზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება.

ამავდროულად, ქარის ენერგიის პოპულარობა აშშ-ში ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ეცემოდა, იანვრის შემდეგ კი 47-ე პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც ქარის ახალი ელექტროსადგურების ასაშენებლად ნებართვისა და ლიცენზიის გაცემას კრძალავს. ტრამპის თქმით, ქარის ტურბინა ძვირი, მახინჯი და ბუნების დამაზიანებელია. საპირისპიროდ, მის წინამორბედ ჯო ბაიდენს მიაჩნდა, რომ ქარის ენერგიას კრიტიკული როლი ჰქონდა აშშ-ის ენერგოსექტორის დეკარბონიზაციის სტრატეგიაში.

2024 წელს აშშ-ის ქარის ენერგიის ბაზარი ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდულად შემცირდა. ახალმა ინსტალაციებმა 5.2 გიგავატი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წელს დადგმულმა სიმძლავრემ 7 გიგავატს მიაღწია, 2021-22 წლებში კი ეს ნიშნული გაორმაგებული იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *