ანგარიშის დასკვნით ირკვევა, რომ აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი სამართლებრივი ჩარჩოს არ არსებობაა, რომელიც ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემთა საფუძველზე გაფრთხილების მომზადების და გავრცელების პროცესებს განსაზღვრავდა. ამასთან, ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების პასუხისმგებლობებს.
“EWS-ის საკონტროლო სიის შესაბამისად, უნდა არსებობდეს გამართული პროცესი დაინტერესებულ პირებამდე და რისკის ქვეშ მყოფ საზოგადოებამდე შეტყობინებების მისაღწევად. სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადებასა და მათ დაუყოვნებლივ მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისათვის, მასმედიის საშუალებებისათვის, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, პასუხისმგებელია სააგენტო, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მეშვეობით. ამავე დეპარტამენტის ფუნქციაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა უწყვეტად შეკრება და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გავრცელება”, – წერია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, სააგენტო მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვებებს საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ სადგურებსა და საგუშაგოებზე აწარმოებს. ასევე, ქუთაისსა და კიკეთში, ფუნქციონირებს ორი მაღალტექნოლოგიური მეტეოროლოგიური რადარი. ამინდის პროგნოზების გამართლებადობის გაზრდის უზრუნველსაყოფად 2024 წლის სექტემბერში ქალაქ ფოთში ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების აეროლოგიური სადგური გაიხსნა.
რაც შეეხება განგაშის სისტემას, დღეისათვის ქვეყანას გააჩნია მხოლოდ მდინარე დევდორაკამალის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემა, რომლის ოპერირებას, სააგენტოს განმარტებით, ახორციელებს შვეიცარიული კომპანია სააგენტოსთან ერთად. სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებს და ავრცელებს ამინდის და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გაფრთხილებებს − ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ.
“სააგენტო ამინდის და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს ელფოსტის საშუალებით ავრცელებს, ხოლო მოსალოდნელი სახიფათო სტიქიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებებს − მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით. შესაბამისად, ამ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სააგენტო ოფიციალური წერილით ადრესატებისაგან ითხოვს მათი უწყების დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირების სიის მიწოდებას, ელფოსტის მისამართის და მობილური ტელეფონის ნომრების მითითებით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.