ასოციაცია ინსპექტირების ცენტრების წინაშე არსებულ ერთ-ერთ გამოწვევად ფასს ასახელებს. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ რეფორმის დაწყებიდან დღემდე არსებული ინსპექტირების საფასური (მსუბუქ ავტომობილზე 60 ლარი, ხოლო სატვირთოზე 100 ლარი) ვეღარ პასუხობს გამოწვევებს. საყოველთაო ინსპექტირების ვალდებულების შემოღებიდან შვიდი წელი გავიდა, შესაბამისად ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობები და ცენტრების ტექნიკური აღჭურვა უმეტეს შემთხვევაში განახლებას საჭიროებს, რაც ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
ანგარიშში წერია, რომ ინსპექტირების რეფორმის დაწყებამდე საქართველოს ავტოპარკი 2017 წელს 1 228 163 ავტომობილისგან შედგებოდა. 2024 წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა კი 1.8 მილიონს აღწევს. ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში საქართველოს ავტოპარკი 37%-ით გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 27%-ით შემცირდა. ასოციაციის შეფასებით, მაღალი ალბათობით ეს მცირე, თუმცა მაინც დადებითი მონაცემი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სავალდებულოდ შემოღების შედეგია.
“2015 წელს გზებზე 602 ადამიანი დაიღუპა, ორი წლის შემდეგ კი, ტექინსპექტირების რეფორმა დაიწყო. გამოჩნდა პირველი დადებითი შედეგი: 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24%-ით (459 დაიღუპა), ხოლო 2024 წელს 26%-ით (444 დაიღუპა) შემცირდა. თუ 2015 წლის გზებზე დაღუპულთა მაჩვენებელი შენარჩუნდებოდა, მაშინ 2024 წლამდე, 9 წლის განმავლობაში 5400 ადამიანი დაიღუპებოდა, თუმცა დაიღუპა 4313 ადამიანი. ეს რიცხვი აჩვენებს, რომ 1087 ადამიანი გადარჩა, რაც ინსპექტირების პროცესის დანერგვით უნდა იყოს განპირობებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შედეგი დადგა იმ ფონზე, როდესაც ინსპექტირების პროცესი ჯერ კიდევ არ არის სრულად დანერგილი”, – წერია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დღესაც გადაადგილდებიან. მათივე შეფასებით, ტექინსპექტირების პროცესის სრულყოფისათვის, ჭკვიანი კამერების ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომლებიც ინსპექტირების ვადის ამოწურვაზე რეაგირებენ.
კანონის აღსრულება კვლავ გამოწვევის წინაშეა, ვინაიდან ჭკვიანი კამერები ინსპექტირების მიმართულებით არასტაბილურად ან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ ფუნქციონირებს. შედეგად, 2024 წელს რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 54% გამოცხადდა ცენტრებში ინსპექტირებისათვის.
“მაღალი ალბათობით, ინსპექტირებაზე არგამოცხადებული ავტოპარკის თითქმის ნახევარი ტექნიკურად გაუმართავია. შესაბამისად, ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილები მოძრაობენ გზებზე და საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. საგანგაშოა, რომ 2024 წელს დაფიქსირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი (60850), სადაც 444 ადამიანი (3-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს) დაიღუპა”, – წერია ანგარიშში.
გამოწვევებს შორის დასახელებულია არაერთგვაროვანი მიდგომა, რაც ჯერ კიდევ სერიოზულად აზიანებს სფეროს. ერთ ცენტრში დაფიქსირებული ხარვეზი, ხშირად სხვა შემფასებელი ორგანოსათვის „შეუმჩნეველი“ რჩება. პროცესი ე.წ. „ლოიალური ინსპექტირების“ სახელითაა ცნობილი და მთლიანად არღვევს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს. ასოციაციის შეფასებით, მონიტორინგის პროცესში უნდა დაინერგოს ისეთი მექანიზმი, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს.
კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად გზებზე კანონის აღსრულება სახელდება. კანონის აღსრულება რეფორმის დაწყებიდან დღემდე მუდმივად პრობლემასთანაა დაკავშირებული. ჭკვიანი კამერები ხშირად არ რეაგირებენ ინსპექტირების ვადის გადაცილებაზე. მიზეზი უცნობია. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სინამდვილეში ტექინსპექტირებას არგამოცხადება მძღოლებს არ უზღუდავთ სხვა სერვისების მიღების შესაძლებლობას. მაგალითად, საერთაშორისო გამოცდილებით, კანონდამრღვევი მძღოლი ვერ მიიღებდა პარკირების მომსახურებას, ვერ ისარგებლებდა ფასიანი ავტობანით, ვერ დააზღვევდა ავტომობილს და ა.შ.