ცვლილება ითვალისწინებს, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრას. ასევე, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ასაგებად მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ავტომატურად გაგრძელებას, რაც კანონპროექტის ავტორების თქმით, “უზრუნველყოფს ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობის ბაზარზე სტაბილური გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებას, ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების უწყვეტად ფუნქციონირებასა და ამგვარად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასა და მედიაპლურალიზმს”.
კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირს, რომელსაც, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის უსასყიდლოდ მიენიჭა საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 10 წლის ვადით და რომელიც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის უფლება გაუგრძელდება იგივე პირობებით ერთხელ, უსასყიდლოდ, 10 წლის ვადით, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით.
“ასეთ შემთხვევაში, ავტორიზებულმა პირმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის უფლების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ლიცენზიის მფლობელს, კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ექნება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 ლარის ოდენობით და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური, რომლის ოდენობის წინასწარ განსაზღვრა არ არის შესაძლებელი, ვინაიდან, კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, კანონპროექტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი იხდის საფასურს, რომელსაც კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
კანონპროექტის ავტორები არიან “ოცნების” დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია.