დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი. „გრანტების შესახებ“ კანონში ჩნდება „აკრძალული გრანტის“ ცნება – ანუ დონორის მიერ ორგანიზაციის დაფინანსება, თუ მას არ ექნება მთავრობის თანხმობა.
მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის მისაცემად 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. გასაჩივრების პროცესში, მთავრობის გადაწყვეტილება არ ჩერდება.
აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. ფიზიკური პირის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. განმეორებით დარღვევებზე კი ჯარიმა ორმაგდება.
აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
ანტიკორუფციული ბიურო მონიტორინგის მიზნით უფლებამოსილია:
ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ვალდებულებების შეუსრულებლობის (დარღვევის) თაობაზე;
ბ) გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით;
გ) დაკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია;
ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ამასთან, თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სახდელის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება.
მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.