რამდენად რეალურია ჩინეთი, კორეა, იაპონია და ევროკავშირი აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ?

რამდენად რეალურია ჩინეთი, კორეა, იაპონია და ევროკავშირი აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ?
“რთული დრო, ახლებურ გადაწყვეტებს მოითხოვს” — ეს ის ძველი სიბრძნეა, რომელსაც პერიოდულად თითოეული ჩვენგანი ვაწყდებით. მსოფლიოში, ეს მიდგომა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბოლო რამდენიმე კვირაში, უფრო კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 180-ზე მეტ ქვეყანას და ტერიტორიას ტარიფები დაუწესა. მოგვიანებით, მართალია, პრეზიდენტმა სიტყვა გადათქვა და საგადასახადო ბარიერების ამოქმედება დროებით დააპაუზა, მაგრამ ჩინეთისთვის ამერიკის შეერთებული შტატებს ჯერად 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, თავად აზიურმა სახელმწიფომ კი 125%-იანი საპასუხო გადასახადი აამოქმედა.

ყველაფერი ეს, მსოფლიოში ბევრ გაურკვევლობას აჩენს, გაურკვევლობა კი ცხოვრებას არაპროგნოზირებადს ხდის, რაც ყველაფერს ართულებს, ხოლო რთული დრო, როგორც გითხარით, ახლებურ გადაწყვეტებს მოითხოვს. აი, სწორედ ახლებურ გადაწყვეტად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის უცნაური ალიანსი, რომლის შექმნას აზიური სახელმწიფოები გეგმავენ. როგორც ჩანს, აზიური გიგანტები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთიანდებიან. აშშ-ის მთავრობისგან მომავალი საფრთხის ფონზე, ქვეყნები რეგიონული ვაჭრობის გაფართოებაზე დაფიქრდნენ.

შედეგად, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა ამერიკულ ტარიფებს, სავარაუდოდ, ერთად უპასუხებენ. როგორც ჩინურ მედიაში წერენ, იაპონია და კორეა ჩინეთიდან ნახევარგამტარების დასამზადებლად საჭირო მატერიალების იმპორტის გაზრდას გეგმავენ, როცა ჩინეთი იაპონური და კორეული მიკროჩიპების და პროცესორების შესყიდვითაა დაინტერესებული. მხარეები ასევე განიხილავენ მიწოდების ჯაჭვების საერთო ძალებით ოპტიმიზაციას, რისთვისაც ქვეყნებმა სამმხრივი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე მოლაპარაკებები დააჩქარეს.

თუკი ჩინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, გამოვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უცნაური სატარიფო პოლიტიკა, აზიურ ტიტანებს შორის ურთიერთობის გაღრმავების კატალიზატორად იქცევა. თუმცა მთელ ამ ამბავში ის არის საინტერესო, რომ აზიური გიგანტების წამოწყებას, შესაძლოა, ევროკავშირიც შეუერთდეს. ეკონომიკურად, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებთან ურთიერთობა ევროკავშირს უდავოდ აწყობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოცდაშვიდი წევრისგან შემდგარი ეს ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს. თან, საქმე ჩინეთს ეხება, რომელთანაც ევროკავშირს, გარკვეულწილად, სტრატეგიული კონკურენცია აქვს გაჩაღებული.

ამრიგად, მეტად ლოგიკური იქნება, თუ ევროკავშირი ურთიერთობას გაამყარებს არა ჩინეთთან, არამედ იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან, რადგან ორივე ამ ქვეყანასთან ორგანიზაციას ვაჭრობის მნიშვნელოვანი შეთანხმებები აქვს გაფორმებული. თუმცა მსოფლიოში არსებული ვითარება იმდენად გაურკვეველია, ხოლო დონალდ ტრამპის პოზიცია იმდენად მერყევია, რომ გამორიცხული არ არის, ევროკავშირს და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდეს, რადგან რთული დრო, როგორც ცნობილია, ახლებურ გადაწყვეტებს მოითხოვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *