როგორც დადგენილებით განსაზღვრულ ცხრილშია მითითებული, ამიერიდან სამივლინებო დანამატს მიიღებს: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებიც (ამ დრომდე მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი იყვნენ) ანუ ნანა ყეინიშვილი, ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი (ლელა ჯანაშვილი) და მისი მოადგილეებიც (ოთარ ჩახუნაშვილი, გელა გელაშვილი), ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი (ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კარლო კაციტაძე) და მისი მოადგილეები (ნათია სონღულაშვილი, გიორგი კვარაცხელია) და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები (თამარ გვარამაძე, ელენე ღუდუშაური, ირინე ჩიხლაძე).
აღსანიშნავია, რომ სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისგან. მაღალი რანგის თანამდებობის პირს კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად ასევე მიეცემა სადღეღამისო ნორმის დანამატი გარკვეული პროცენტულობით.
მაგალითად, მინისტრებს, გენპროკურორს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ცესკოს თავმჯდომარეს და ა.შ. გადაეცემათ სადღეღამისო ნორმის 70-80%-იანი დანამატი. საპრეზიდენტო დელეგაციის წევრს კი 30%-იანი.
მიმდინარე წლის 15 აპრილის დადგენილებით, მაგალითად, საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს 40-დან 30%-მდე შეუმცირდა სამივლინებო დანამატი. ამასთან, 60%-დან 40%-მდე შემცირდა სამივლინებო დანამატი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისთვის, ხოლო 70%-დან 60%-მდე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის.