პროფესიების მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის სექტორზე მოდიოდა, ჯამური რაოდენობით 4 197. მეორე ადგილზეა მომსახურებების სექტორი 3 068-ით, სამეულს კი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებია ასრულებს 2 848- ერთეულით.
არსებული ზრდის მიუხედავად სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკადრო დეფიციტის ამოსავსებად აკადემიური და პროფესიული განათლების მსურველთა რაოდენობა უნდა გათანაბრდეს. ბიზნესის აქტიურობასთან ერთად კი ამ პროცესში უცხოელი დონორების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი.
უნარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, 4L -Life Long Learning Laboratory გენერალური დირექტორის თამარ ქიტიაშვილის თქმით, ბოლო წლებში პროფესიული სასწავლო პროგრამების განვითარების მთავარი მონაპოვარი ბიზნესთან კომუნიკაცია და უფლება-მოვალეობების მათზე დელეგირება იყო, თუმცა მისი თქმით, დღეს სააგენტო ამ ფუნქციებს ისევ თავის თავზე იღებს, ბიზნესთან კომუნიკაციას კი სელექციურად ახორციელებს.
„ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით ევროკავშირი იყო მთავარი პარტნიორი პროფესიული განათლების რეფორმის საქართველოში. ამ რეფორმის პირველი ამოცანა იყო ხელმისაწვდომის და დაფარვის ზრდა, რადგან მიწოდება იყო მცირე და მეორე მხრივ ეს იყო ხარისხი.
დიდი ძალისხმევა იქნა დახარჯული ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ამ პროცესში ბიზნესის მონაწილეობისთვის, როგორც მთავარი გამწევი ძალისა. ამაში დიდი წვლილი შეიტანა USAID-მა, რომელმაც 50-ზე მეტ ბიზნესს თანადაფინანსების მოდელით მხარი დაუჭირა ახალი პროგრამების გაჩენა-დანერგვაში. გასული წლის ზრდაც ამ ფაქტორით არის განპირობებული, ჯერ კიდევ ინერციით მიდის ეს ყველაფერი.
საერთო ნების გამოხატულება იყო ე.წ. დუოების, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების დანერგვის მექანიზმის გაჩენაც, ამით ფაქტობრივად ბიზნესზე დელეგირდა ბევრი ფუნქცია, მაგრამ ამას უნდა მიჰყოლოდა დაფინანსება, ამ დაფინანსების მოდელი და მექანიზმი შექმნილი იყო, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა.
ის რაც 2021 წელს დავიწყეთ, სამწუხაროდ დღეს ისევ შეიცვალა, სამინისტრო და სააგენტო იბრუნებს კონტროლს. ადრე თუ ჩვენ დუოში ვთანამშრომლობდით ყველა ბიზნესთან, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, დღეს ეს ყველაფერი ბუნდოვანი გახდა. სააგენტო აგრძელებს ბიზნესთან კომუნიკაციას, თუმცა სელექციურად და არა ინსტიტუციურად როგორც ეს იყო გამიზნული.
სააგენტო მხოლოდ მეთოდოლოგიურ გზამკვლევად გვევლინებოდა და მთელი პროცესი დუოს უნდა წაეყვანა, ახლა პირიქით არის, სააგენტოს მიჰყავს პროცესი და ჩართული ჰყავს ის ბიზნესები, ვისაც შეარჩევს,“ – განაცხადა ქიტიაშვილმა.