ტრამპის თქმით, აშშ და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას 24 აპრილს გააფორმებენ

სმარტფონები, კომპიუტერები და სხვა ელექტრონიკა აშშ-ის ტარიფებს არ დაექვემდებარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას 24 აპრილს გააფორმებენ. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, რომელიც, ვფიქრობ, მომავალ ხუთშაბათს გაფორმდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ კი განაცხადა, რომ ტრამპმა მიიღო მისი მიწვევა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის თაობაზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს სხვა ევროპელ ლიდერებსაც. კითხვაზე, უნდა შეუერთდეს თუ არა იტალია ევროპულ სამშვიდობო მისიას უკრაინაში, ტრამპმა განაცხადა, რომ იტალიამ თვითონ უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

ამასთან, დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს მის მიერ წარსულში გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებდა უკრაინაში მიმდინარე ომში. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ აკისრებს ზელენსკის პასუხისმგებლობას.

ასევე დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპა კვლავ „დიდებული“ გახდება და დასძინა, რომ ევროპის პრობლემების უმეტესობა იმიგრაციას უკავშირდება.

სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ტარიფებიდან „უზარმაზარი თანხები“ მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ქვეყნები არ მოვლენ მოლაპარაკების მაგიდასთან, „ჩვენ მათთვის თვითონ შევადგენთ შეთანხმებას“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *