“ვაგრძელებთ აქციებს და ვიცავთ საზღვრებს” – ჭიათურაში საპროტესტო აქცია გაიმართა

“ვაგრძელებთ აქციებს და ვიცავთ საზღვრებს” – ჭიათურაში საპროტესტო აქცია გაიმართა
ჭიათურაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გუშინ ჭიათურაში სამმხრივი კომისიის შეხვედრა გააპროტესტეს, რომელსაც მაღაროელები არ ესწრებოდნენ.

BM.GE მაღაროელ, ტარიელ მიქაცაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მაღაროელებს და ჭიათურის მოსახლეობას მათი სამოქმედო გეგმა გააცნო. ამასთან, აღნიშნა, რომ ბრძოლა გაგრძელდება, სანამ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან და მუშა პროცესი მათი პირობებით არ განახლდება.

„ვაგრძელებთ აქციებს და ვიცავთ საზღვრებს. ჩვენი ახალი გეგმა გავაცანით ჩვენს მაღაროელებს და მოქალაქეებს. მოთხოვნა იყო, რომ პროფკავშირების ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, რისთვისაც ხელმოწერები შევაგროვეთ. რათა, პირველადი პროფკავშირი ჭიათურამ ხელში დავიჭიროთ და კანონის გზით ბრძოლის მეტი შესაძლებლობა გვქონდეს.

არჩევნების გზით პეტრიაშვილს ვაჩვენებთ, რომ ხალხის ნდობა პეტრიაშვილს აქვს ნოლი. მეორე იყო, რომ შეიქმნას ფონდი, სადაც შემოსავლიდან 5% ჩაირიცხება. ფონდის შექმნისთვის 1000 ხელმოწერა გვჭირდება, რათა შემდეგ სახელმწიფოს მივმართოთ, რომ ეს არის ხალხის მოთხოვნა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, – ამბობს მიქაცაძე.

მაღაროელის ცნობით, გუშინდლიდან, როდესაც სამმხრივი კომისიის შეხვედრა შედგა, ამ მოკლე პერიოდში სახელმწიფოს წარმომადგენლისგან ან თავად პროფკავშირისგან გამოხმაურება არ ჰქონიათ. ამრიგად, მაღაროელები აქციებს აგრძელებენ და მოითხოვენ, რომ მუშა პროცესი უნდა აღდგეს იმ პირობებით, რასაც პროტესტანტები ითხოვენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *