გრანტზე თანხმობის აუცილებელი წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საზღვარგარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. მიუხედავად ამისა, განათლების ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, მსგავსი გადაწყვეტილებებით საქართველომ უნგრეთის ბედი გაიზიაროს.
“მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს ის დონორები, რომლებიც დაფინანსებას გასცემენ. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ უნგრეთის მაგალითით. უნგრეთმაც ზუსტად იგივე გააკეთა, რომ ევროპულ დაფინანსებებზე, მათ შორის უნივერსიტეტებზე მთავრობა წყვეტდა ვინ მიიღებდა და ვინ არ მიიღებდა Erasmus-ის და თუნდაც Horizon-ის დაფინანსებას.
მას შემდეგ, რაც ეს საკითხი დადგა, Erasmus-მაც და Horizon-მაც უნგრეთთან შეწყვიტა თანამშრომლობა. დღევანდელი არსებული კანონმდებლობით ეს არ ეხება საგანმანათლებლო სივრცეს, თუმცა ყოველ დღე ვხედავთ ახალი კანონების მიღებას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიზღუდოს. ასე რომ ესეც არ არის გამორიცხული”,-აცხადებს ქეთი ცოტნიაშვილი.
“გრანტების კანონში” შესული ცვლილებით, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ოცნების არჩეული პრეზიდენტის ხელმოწერაც უკვე აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მთავრობის თანხმობის გარეშე ვერცერთი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ვეღარ დაეხმარება. თანხმობა გრანტის გაცემაზე დასჭირდება დონორს და არა გრანტის მიმღებს. აკრძალული გრანტის მიღება კი გრანტის მიმღების დაჯარიმებას გამოიწვევს აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის დისკრეცია კი ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება.