ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ქართული თეატრის მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.
ეკა მაზმიშვილი დღეს კერძო თეატრის მენეჯერია, მაგრამ წლების წინ მარჯანიშვილის თეატრის მმართველი იყო და კარგად იცის, რა პრობლემები აქვთ თეატრებს.
მისი აზრით, ქართულ თეატრს განვითარებისთვის, პირველ რიგში, დამოუკიდებლობა და დაფინანსების მოდელის შეცვლა სჭირდება.
„ყველა თეატრს სჭირდება დამოუკიდებლობა, მნიშვნელობა არ აქვს, კერძო თეატრი იქნება თუ სახელმწიფო. დამოუკიდებელი ორგანიზმის შექმნისთვის კი, დამოუკიდებელი აზროვნება და თავისუფლებაა საჭირო. წარსულში, ყველა ცნობილი თეატრალური მოვლენა დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანების მიერ შეიქმნა. სწორედ დამოუკიდებელ და თავისუფალ ადამიანებს უნდა ზრდიდეს თეატრი.
კულტურის სფეროში, მათ შორის თეატრების მიმართულებით, რეფორმებზე ხშირად იყო საუბარი, მაგრამ შედეგი არის ის, რომ დღეს, თეატრი არის გარეთ… დღეს, ძალიან რთულ პერიოდს გადის ყველა თეატრი და განსაკუთრებით ისინი, რომელზედაც უფრო დიდი გავლენა იქონია იმ პროცესებმა, რაც საქართველოში ხდება.
სახელმწიფო თეატრშიც მიმუშავია და ჩემი აზრით, თეატრებს ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემით ვმართავთ. ეს არის სისტემა, როდესაც დაფინანსებას იღებენ თეატრები მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა მიიღონ, მაგრამ რატომ უნდა მიიღოს ერთმა თეატრმა 5 ლარი და მეორემ 6 ლარი, ამაზე პასუხი არ მაქვს ანუ არ ვიცი, რას ეფუძნება ჩვენი სახელმწიფო თეატრების დაფინანსება, რატომაც ერთის დაფინანსება 5 ლარია, მეორის კი – 5.5 ლარი… რეალურად, თეატრებს ვაფინანსებთ იმიტომ, რომ ვაფინანსებთ“, – ამბობს ეკა მაზმიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ თეატრების ბიუჯეტს უნდა განსაზღვრავდეს მათი საქმიანობა – დადგმული სპექტაკლების რაოდენობა, გაყიდული ბილეთები და ა.შ.
„წერტილთან“ ინტერვიუში ეკა მაზმიშვილმა თეატრების განვითარებაში ბიზნესის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორი იმ შემთხვევაში დაუჭერს უფრო მეტად მხარს ხელოვნების და განათლების განვითარებას, როცა სახელმწიფოს მხრიდანაც ექნება სტიმული.
„სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია ბიზნესის სტიმულირებისთვის, რათა მათ იფიქრონ და ჩადონ სახსრები ხელოვნების და კულტურის განვითარებაში, გადამწყვეტია… ზოგადად, ბიზნესთან საუბარი ძალიან რთულია; ორი მხარეა: თეატრის სარეკლამო ბაზარი მცირეა და მეორე მხრივ, იმდენად იბეგრება სპონსორობა, დაფინანსება, რომ ეს დიდ სირთულეს ქმნის როგორც დაფინანსების გამცემისთვს, ისე – მიმღებისთვის“, – ამბობს ეკა მაზმიშვილი, “თეატრი სახელოსნო 42”-ის გენერალური მენეჯერი.