“[მიმდინარე კრიზისი] დრამატულად ნეგატიურად ასახა ჩვენს საქმიანობაზე” – დაუნის სინდრომის ასოციაც

“[მიმდინარე კრიზისი] დრამატულად ნეგატიურად ასახა ჩვენს საქმიანობაზე” – დაუნის სინდრომის ასოციაც
ტრადიციულად, NGO სექტორი ამ სოციუმში გარკვეული დაფინანსების საფუძველზე არსებობს, რომელიც, ტრადიციულად, დონორი ორგანიზაციებიდან მომდინარეობს. ცხადია, მიმდინარე სიტუაციამ გამოიწვია ამ დახმარებების შემცირება, რიგ შემთხვევაში კი სრული შეწყვეტა. გარდა იმისა, რომ კრიზისი პირადად ჩვენს მერკანტილურ ამოცანებსა და მიზნებს ურტყამს, ასევე სერიოზული დარტყმაა შშმ თემის მხარდაჭერის ჯაჭვზე, რაც აისახება ზოგად ყოველდღიურობაზე და ჩვენს შვილებზე. თავად ვარ აუტისტურ სპექტრზე ბავშვის მშობელი და ეს პრობლემები არ არის ჩემთვის უცხო და ყურით მოთრეული, გადასარევად მესმის ამ ყველაფრის იმპლიკაცია.

დრამატულად ნეგატიურად აისახა ეს ჩვენი ასოციაციის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე. ყველა პროექტი, რომელიც აშშ-ის დაფინანსებით მიმდინარეობდა შეჩერდა ან გაუქმდა. პერსპექტივა იმისა, რომ ეს საქმიანობა და მისი დაფინანსება გაგრძელდება, დღეს 0-ის ტოლია. ცხადია, ამაზე გავლენა იქონია არა მარტო ლოკალურმა ვითარებამ, არამედ იმ საბედისწერო გადაწყვეტილებამ, რომელიც, ჩემდა გასაკვირად და გასაოცრად, ამერიკის ხელისუფლებამ მიიღო. მათ შორის საუბარია USAID-ის დახურვაზე, რომელთანაც 90-იანი წლების დასაწყისიდან ვთანამშრომლობ და ზუსტად ვიცი, თუ რა დონის დახმარებას უწევდა აქ სხვადასხვა პროგრამების განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი დადიანმა.

კითხვაზე, არსებული დაძაბულობისა და კრიზისის ფონზე როგორ იცვლება სისტემური მიდგომა სოციალური პრობლემების მიმართ და რამდენად მზად არის როგორც სახელმწიფო, ასევე NGO სექტორი, დაუნის სინდრომის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე არა მხოლოდ 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს იზრუნოს, არამედ მუდმივად, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები მიმდინარე არაორდინარულ ვითარებაში ცდილობენ, სტერეოტიპული მიდგომები დაძლიონ და საინფორმაციო კამპანიებს უფრო სისტემატური ხასიათი მისცენ.

ჩვენი მცდელობაა, რომ სტერეოტიპული მიდგომა, რომლის ფარგლებშიც ერთჯერადი კამპანია ტარდება მარტში და მისი ფლაგმანი ჭრელი წინდაა, გარკვეულწილად შევცვალოთ და დავანახოთ ჩვენს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ერთჯერადი ღონისძიებების გარდა, სისტემურად ვიმუშაოთ ამ თემის და შშმ თემატიკაზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდასაჭერად.

მთლიანობაში არაორდინარული სიტუაცია გვაქვს. ჩვენი ხელისუფლება იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ურტყამს და არც ჩვენ წარმოვადგენთ ამ შემთხვევაში გამონაკლისს. ჩვენ ისეთივე პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაცია ვართ, როგორც, ნებისმიერი სხვა. ის დარტყმები, რომელსაც ეს საზოგადოება იღებს [მთავრობის მიერ] მიღებული არასწორი გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება, ამიტომ, ვახსენე არაორდინარული სიტუაცია, ამ გამოწვევას არაორდინარული გზებით და მეთოდებით უნდა შევხვდეთ და ვუპასუხოთ”, – აღნიშნა ირაკლი დადიანმა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასოციაციის წლევანდელი გზავნილია: ,,გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები”. როგორც ასოციაციის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, კამპანია “ჯეპრას” მხარდაჭერით ხორციელდება: “ეს არის ბიზნესის გამოფხიზლება და მობილიზება, რომ ამ ძნელბედობის ჟამს, მათი ჩართულობით შევძლოთ როგორც ასოციაციის, ასევე სოციალური საწარმო “ბაბალეს” და “გიგოს ფონდის” შენარჩუნება”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *