მოსალოდნელი იყო, რომ რუბიო მონაწილეობას მიიღებდა დისკუსიებში უკრაინელ, ბრიტანელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან ერთად, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტამი ბრიუსმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის აღარ დაესწრება მოლაპარაკებებს. ოფიციალურ მიზეზად კი “ლოგისტიკური საკითხები” დაასახელა.
სპიკერის თქმითვე, მოლაპარაკებებზე აშშ-ს წარადგენს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიტ კელოგი.
დღეს, ლონდონში დაგეგმილი მოლაპარაკებები გასულ კვირას, 17 აპრილს, პარიზში გამართულ შეხვედრას მოჰყვა, სადაც აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს აშშ-ს ჩარჩო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ შეხვედრას რუბიო ესწრებოდა.
მედიის თანახმად, წინადადება მათ შორის მოიცავს რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმზე მოსკოვის კონტროლის აღიარებას. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს მკაფიოდ თქვა, რომ ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ კიევი არ მიიღებს შეთანხმებას, რომელიც აღიარებს მოსკოვის მიერ ყირიმის კონტროლს.