ბრიტანეთის საგარეო უწყებას ოფიციალური მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა როგორც მედია წერს, ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ლონდონში ვიზიტის გაუქმებას უკავშირდება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებთან დღეს გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ ეს დახურულია მედიისთვის”.
ცნობისთვის, შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს, ლონდონში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაესწრებოდა. ლონდონში მოლაპარაკებების ჩანიშვნა 17 აპრილს, პარიზში გამართულ შეხვედრას მოჰყვა, სადაც აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს აშშ-ს ჩარჩო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ შეხვედრას რუბიო ესწრებოდა. მედიის თანახმად, აშშ-ის წინადადება მათ შორის მოიცავს რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმზე მოსკოვის კონტროლის აღიარებას. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს მკაფიოდ თქვა, რომ ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ კიევი არ მიიღებს შეთანხმებას, რომელიც აღიარებს მოსკოვის მიერ ყირიმის კონტროლს. როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, სწორედ კიევის ეს პოზიცია გახდა რუბიოს მოლაპარაკებებიდან გამოთიშვის მიზეზი.