საქართველოში შესაძლოა დამატებით, 9 საეკლესიო დღესასწაული უქმე დღედ გამოცხადდეს. პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტმა ზაალ წერეთელმა მიმართა. “სამოქალაქო დასვენების დღეებში ყველა მორწმუნეს (დასაქმებულს თუ დაუსაქმებელს) შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად მივიდეს ეკლესიაში, დაესწროს საზეიმო წირვას და მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის მიერ დადგენილ დღესასწაულში. თუმცა, ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული. შვიდი მათგანი განეკუთვნება თორმეტი საუფლო დღესასწაულის კატეგორიას, ხოლო ორი – მოციქულთა სწორის და დიდი წმინდანის ხსენების დღეა. შესაბამისად, თუ ეს საზეიმო თარიღები, სამუშაო დღეს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიებში მისვლას და ღვთისმსახურებები თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება”, — ნათქვამია მოქალაქის წერილში. ზაალ წერეთლის ითხოვს, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს: ღვთისმშობლის შობა – 21 სექტემბერი; ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი; ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა – 4 დეკემბერი; მირქმა – 15 თებერვალი; ხარება – 7 აპრილი; ამაღლება – აღდგომიდან მეორმოცე დღეს; ფერისცვალება – 19 აგვისტო; ნინოობა – 27 იანვარი; ნიკოლოზობა – 19 დეკემბერი. “ჩამოთვლილი ცხრა დღესასწაულის სამოქალაქო დასვენების დღედ გამოცხადებისშემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ პატივმიგებული იქნება უფლის ბრწყინვალე აღდგომა, 12 საუფლო დღესასწაული სრულად, სვეტიცხოვლობა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ოთხი წმინდანის — ანდრია პირველწოდებულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგის და წმ. ნიკოლოზის — ხსენების დღეები. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტა ბევრი სიკეთისმომტანი იქნება როგორც რიგითი (ეკლესიური თუ არაეკლესიური) მოქალაქისთვის, ისე მმართველი პარტიისათვის. თუმცა მთავარი სიკეთე ეს იქნება: ამ ნაბიჯის გადადგმით სათნო ვეყოფით უზენაესს და მთელი ჩვენი ქვეყანა მოიღებს ღვთის მადლს, კურთხევასა და კეთილდღეობას. გთხოვთ მოახდინოთ ამ საკითხის ინიცირება შესაფერის დროსა და ვითარებაში”, — წერს მოქალაქე.
საქართველოში დამატებით 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს
