დღეს, 23 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი ლონდონში, უკრაინასა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრას არ დაესწრებიან. Financial Times-ის ინფორმაციით, მათ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ ყირიმის ოკუპაციას არ აღიარებენ. “აქ სალაპარაკო არაფერია, ეს ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”, – უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
როგორც CNN წერს, აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებულია უკრაინის მიერ ყირიმის ოკუპაციის ცნობაც. უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსიით დაიწყო. თუ აშშ ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს ეს ასევე დიდი გადახედვა იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკისაც. შეხვედრამდე მედიაში იწერებოდა, რომ ლონდონში აშშ წარადგენდა სამშვიდობო გეგმას, რაც მოიცავს ფრონტის ხაზის გაყინვას და ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობას. მიმდინარე კვირაში უიტკოფის კიდევ ერთი ვიზიტი იგეგმება მოსკოვში, სადაც ტრამპის წარმომადგენელი კრემლთან ომის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ყირიმის გარდა, უკრაინას აშშ-ის კიდევ ერთ წინადადებაზე, რომელიც ნატოს წევრობაზე უარს ეხება, პასუხი უნდა გაეცა ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე. ტრამპის ადმინისტრაციის თავდაპირველი განცხადებების მიუხედავად, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმებას რუსეთთან მალე მიაღწევდა, ამ დრომდე რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე არ თანხმდება. არადა ტრამპი წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ ევროპაში ომს, რომელიც მეოთხე წელია გრძელდება, 24 საათში დაასრულებდა.