“ასოციაცია, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს, კენკროვანი ბაღები ერთეულებსღა აქვთ” – იზოლდა ქიტესაშვილი
კენკრის მწარმოებელთა ასოციაციამ მუშაობა გააჩერა – როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, იზოლდა ქიტესაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, მიზეზი ქვეყანაში კენკროვანი ბაღების რაოდენობის შემცირებაა.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, გაცილებით უკეთ ფუნქციონირებს მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელთან დაკავშირებასაც ქიტესაშვილი საკუთარი კოოპერატივი “გილეს” წარმოების ექსპორტზე გასატანად განიხილავს.
“ასოციაცია ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა გაჩეხა, ერთეულებსღა აქვთ კენკროვანი ბაღები და შევწყვიტეთ მუშაობა. ახლა საკმაოდ აქტიურად მუშაობს მოცვის ასოციაცია, ძალიან ბევრი კავშირი აქვთ საზღვარგარეთ, მოიძიეს კლიენტები და დიდი რაოდენობით გაიტანეს საზღვარგარეთ. ვფიქრობთ, რომ მათ დავუკავშირდეთ და, თუკი რაოდენობა იქნება, გავიტანოთ. რომ გაიტანო, რაოდენობა უნდა გქონდეს, 5 და 20 ტონა არ ჰყოფნით, უწყვეტი მიწოდება სჭირდებათ”, – აღნიშნა იზოლდა ქიტესაშვილმა.
როგორც კოოპერატივ “გილეს” ხელმძღვანელი BM.GE-სთან აღნიშნავს, კომპანია წელს 20 ტონა მაყვლის მოსავალს ელოდება, რომელსაც, სავარაუდოდ, სრულად აითვისებს ადგილობრივი ბაზარი. რაც შეეხება ჟოლოსა და მარწყვის წარმოებას, “გილემ” ეს მიმართულება შეაჩერა.
“ჩვენი გათვლებით, ველოდებით მინიმუმ 20 ტონა მაყვალს. საადრეო ჯიშები გავაშენეთ, ძველი ჯიშები ამოვიღეთ, რადგან ამ პერიოდში ძალიან ბევრი ხილია და გაყიდვები ძალიან ცუდად მიდიოდა, ფასიც ძალიან დაბალი ჰქონდა. ახლა ჩვენ მოსავლის აღებას დავიწყებთ ივნისის პირველ რიცხვებში. ვთვლი, რომ ბაზარი სრულად აითვისებს მოსავალს. ექსპორტისთვის არ მაქვს რაოდენობა.
საბითუმო მიმართულებით მომხმარებელი უკვე გვყავს და გვეხმიანებიან, გვთხოვენ რომ შევახვედროთ მაყვალი და გაყიდვების კუთხით პრობლემა არ უნდა გვქონდეს. მარწყვის და ჟოლოს წარმოება შევწყვიტეთ, რამდენადაც თურქეთიდან ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის მარწყვი და მარნეულიც კარგად მუშაობს, “პლანტას” აქვს სერიოზული სასათბურე მეურნეობა და უკვე აიღო ბაზარი”, – ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.
რაც შეეხება ნედლეულის ფასს, როგორც “გილეს” ხელმძღვანელმა გვითხრა, კილოგრამი მაყვლის ფასი შარშან, საშუალოდ, 8 ლარი იყო. მისივე თქმით, ფერმერს 1კგ-ს წარმოება 5 ლარი უჯდება.