ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს სანდო და მტკიცე პარტნიორია – დავით სონღულაშვილ

ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს სანდო და მტკიცე პარტნიორია – დავით სონღულაშვილ
“ქართული ოცნების” მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობები არსებობს. მისი განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს სანდო და მტკიცე პარტნიორია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სონღულაშვილი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ჩაბა ლანტოს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

„გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გაზრდილმა საბიუჯეტო დაფინანსებამ და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა როგორც საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებთან დაახლოების, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველო აქტიურად ახორციელებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებისა და გაფართოების კუთხით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა წყლის მართვის სისტემის მოწყობის და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მიმართულებებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ევრორეგულაციების პრაქტიკული განხორციელებისთვის.

„საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი. კანონი ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის პრინციპებს ემყარება და ევროკავშირის წყლის კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება. ვცდილობთ, შევქმნათ ძლიერი წყლის მართვის სისტემა, რაც წყლის რესურსების ეფექტურად და მდგრადად გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს. უნგრეთის გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივისა და შესაბამისი დირექტივების პრაქტიკული განხორციელების კუთხით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პრესრელიზის თანახმად, უნგრეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია ესწრებოდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *