შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დღეს, გორში, სავაჭრო ცენტრ “გალერეაში” სროლა იყო. მოკლულია 30 წლის კაცი, მისი მამა კი დაჭრილია. IPN-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მამა კი სამედიცინო ცენტრ “გორმედშია” გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს
