ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს – პროტესტის მონაწილეები 1 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ

ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს – პროტესტის მონაწილეები 1 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ
მაღაროელებმა დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 1 მაისს ჭიათურაში ფართო მასშტაბიანი აქცია დააანონსეს და მათ მიერ დაწესებული მოთხოვნები გააჟღერეს.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს. პროტესტის მონაწილეები ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას ითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე არ გეგმავენ და პრობლემების გადასაწყვეტად მთავრობის აქტიურ ჩართულობას მოითხოვენ.

მაღაროელები, რომლებიც ჭიათურის მაღაროებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ, განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო გარანტიების მიღება. კერძოდ, ისინი ითხოვენ, რომ ჭიათურის მოვლა – პატრონობა სახელმწიფო სამართალმემკვიდრეობა გახდეს, რაც გულისხმობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, ყველა მმართველს მისი პატრონობა დაევალოს.

„რა თქმა უნდა, მაღაროების გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მაღაროებში არ უნდა დაუშვან 200 ადამიანი და 3300 დასაქმებული ქუჩიდან უყურებდეს. ეს არის კომპანიის პირველადი გეგმა.

რაც შეეხება მოთხოვნებს, პირველ რიგში, მარტის და აპრილის ხელფასები აქვთ დასაქმებულებს ასაღები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ანაზღაურებული. ასევე, სესხებია ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში. 2024 წლის 1 ნოემბრიდან როდესაც გაგვაჩერეს, სულ ამაზე ვსაუბრობდით რომ სესხები გავყინოთ და როდესაც მუშა-პროცესი განახლდება, დაფარვა იქიდან დავიწყოთ. წერილობით ყველა ბანკს მივმართეთ, ასევე სამთავრობო ორგანიზაციებს და ა.შ მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღეთ. მთავარია სესხები გაიყინოს და გადავადდეს, თორემ სხვა შემთხვევაში ხელფასის დარიცხვას აზრი არ ექნება“, – აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.

პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ჭიათურას დახმარება სჭირდება, ვინაიდან შრომითი პროცესის აღდგენის შემდეგ, გრძელვადიანი პროექტების და მოთხოვნების შესრულების შესახებ დიალოგი ჩატარდეს, რათა სამომავლოდ ქუჩაში გამოსვლა საჭირო აღარ გახდეს.

ჭიათურელი მაღაროელები კვლავ წარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ, ჭიათურაში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მათ ყურადღება მიაქციონ. მოთხოვნათა ჩამონათვალშია ადგილობრივად ფონდის შექმნა, რომელშიც ქალაქის საჭიროებებისთვის მანგანუმით მიღებული შემოსავლის 5% აკუმულირდება. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მიზნით, პროტესტის მონაწილეები შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის უზრუნველყოფას, ამასთან დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაციას მოითხოვენ.

“ჩვენ ვპირდებით სახელმწიფოს, რომ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით, მაგრამ მუშაობა უნდა აღდგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება წესების დაცვით. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი თანამშრომლები არ იქნან ერთ ხელწერილის საფუძველზე განთავისუფლებული, რადგან ალტერნატიული სამუშაო ადგილები ჭიათურაში არ არსებობს.

ასევე ეკოლოგია, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია, ისეთ მდგომარეობაშია ჰაერი და მიწა, რომ იქ მოყვანილი პროდუქტიც კი არ იჭმევა. უნდა იქნეს მთავრობისგან გარანტიები, თუ რა დროს რას გააკეთებენ”, – აღნიშნავს მაღაროელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *