შსს ჭიათურაში საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს ჭიათურაში საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურაში, საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორის თენგიზ კობერიძესთან დაპირისპირების გამო, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით, მათ თავისუფლების 6 წლის ვადით აღკვეთა ემუქრებათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ჭიათურისა და საჩხერის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი – 1991 წელს დაბადებული გ.ნ., 1990 წელს დაბადებული მ.ს., 1985 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1989 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან, რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილის დაკავება, მაღაროელების ინფორმაციით, 03:30 საათზე ჭიათურაში მოწყობილ საპროტესტო კარავიდან მოხდა. დღეს, ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქციების 61 დღე დაიწყო. მაღაროელები მოსახლეობას და კომპანიის დასაქმებულებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ და საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებენ. მაღაროელ ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე და არჩილ ჭუმბურიძე მაღაროელები არიან. მათგან პირველი ორი კარავიდან წაიყვანეს, არჩილ ჭუმბურიძე კი სახლიდან. მეოთხე დაკავებული კი ჭიათურის მცხოვრები თენგიზ გველესიანია, რომელიც 28 თებერვლის შემდეგ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.

ცნობისთვის, მაღაროების მმართველმა კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჭიათურაში კომპანიის წარმომადგენლებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას გაავრცელა. „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს.

პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *