დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს, არაპროგნოზირებადი გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საქართველოს მიმართ შენარჩუნებული, ხოლო რიგ შემთხვევაში გაზრდილი იყო საფრთხეების დონე.
წლიურ ანგარიშში უწყება უცხო ძალებზე და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობებზე საუბრობს. სუს-ის თანახმად, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები, რომელშიც მათ შორის დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
“უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები. მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართულნი იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები.
ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოზიციების გასამყარებლად და ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად.
საანგარიშო პერიოდში, ასევე, გამოიკვეთა, რომ უცხო ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ახალგაზრდულ სეგმენტზე მუშაობის გააქტიურება იყო, რომლის მიზანს უცხო ქვეყნებისადმი ლოიალურად განწყობილი და მათ ეროვნულ/საზოგადოებრივ ღირებულებებთან ახლოს მდგომი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა წარმოადგენდა”,- წერია ანგარიშში.
საპროტესტო აქციების კონტექსტში ანგარიშში საუბარია ე.წ. მაიდანიზაციაზე, რაც სუს-ის თანახმად, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს წარმოადგენდა.
“საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, სხვადასხვა საბაბით (მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, საპარლამენტო არჩევნების „გაყალბება“), საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.
პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.
სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებდწეწ მზადყოფნას ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც მოჰყვებოდა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა. მათ შორის განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები.
საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ წარმოადგენდა. იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირება, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობა. საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის გასაზრდელად დაგეგმილი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება დემონსტრანტებთან დასაპირისპირებლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი. ამ მიზნით ცალკეული ახალგაზრდული ჯგუფების მიერ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“.
არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ, ასევე, იგეგმებოდა, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა. ამ მიზნით, განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი და მასზე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ხელისუფლებას.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყეწებოდა ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდის შექმნას”,- წერია ანგარიშში.
სუს-ის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი პროცესები წარმოადგენდა. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო აქტივობები, საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებდა ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმისგან და ძალადობრივი ექსტრემიზმისგან მომდინარე საფრთხეები. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები არ განხორციელებულა და საქართველო კვლავ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო რეიტინგებში.
“საქართველოს წინაშე მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუnველყო შიდა და გარე ძალებისგან მომდინარე საფრთხეების პრევენცია და აღკვეთა, სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება“,- წერია ანგარიშის წინასიტყვაობაში, რომელსაც თან უწყების ახალი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის ხელმოწერა ერთვის.