დონაციებისთვის ვქმნი “თავისუფლების ფონდს”, რომელსაც ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ წევრი, დავით ჯინჭარაძე აცხადებს.

მისი თქმით, თანხების შეგროვებისთანავე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში.

“ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად.

ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური ანგარიშებით და ონლაინ გადახდის სისტემებით იმუშავებს და რომლის დაყადაღებაც შეუძლებელი იქნება.

დღეს ვქმნი ,,თავისუფლების ფონდს”, რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან.

თანხების შეგროვებისთანვე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება.

შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმუშავებ სანდო მოხალისეთა ჯგუფის შემოსაკრებად, თანხების მობილიზებისთვის და ონლაინ სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ყველა ხარჯის და დონაციის გამჭვირვალედ აღრიცხვაში დაგვეხმარება. გამოვიყენებ ჩემს მართვით გამოცდილებას, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობისას შევიძინე.

ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას”, – აცხადებს დავით ჯინჭარაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“; ა(ა)იპ „ფროსფერითის“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის; ა(ა)იპ „სირცხვილიას“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ანგარიშები 17 მარტს დააყადაღა.

გუშინ, 29 აპრილს კი, დაყადაღებული ფონდების ხელმძღვანელების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *