სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველებმა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს უნდა მიმართონ. თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პროცედურის გავლა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ფერმერს თხილის ბაღი კადასტრში გასულ წლებში დარეგისტრირებული ჰქონდა.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად, არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა მიმდინარეობს ეტაპობრივად. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.
ცნობისთვის, თხილის კადასტრში რეგისტრირებული 0,2-3 ჰა-მდე თხილის ბაღების ფართობი 45 ათას ჰექტარს აღემატება.
სააგენტოს თანახმად, გასულ წელს, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 95 ათასამდე ფერმერმა მიიღო სახელმწიფო დახმარება, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 6 000-ით აჭარბებს.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში 2024 წელს მეთხილე ფერმერებმა 22 მლნ ლარზე მეტი მიზნობრივი დახმარება მიიღეს.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2023 წელს ამოქმედდა და მისი ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა. სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს თხილის ბაღ(ებ)ი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 – ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელსაც გრძელდება და ბიუჯეტიდან მეთხილე ფერმერების სუბსიდირებისთვის 23 მილიონი ლარი გამოიყო.