გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა სურს

გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა სურს
გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იწყება გურჯაანში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასება.

“გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დაახლოებით 21 000 ჰექტარზე კვლევითი სამუშაოების განხორციელება იწყება. სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ჩართულობით, საველე სამუშაოები დაახლოებით 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს ზუსტად შეფასდეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი ფასეულობები, რათა კახეთის რეგიონში, დამატებით, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობები განისაზღვროს”, – წერია დაცული ტერიტორიების სააგენტოს რელიზში.

ცნობისთვის, დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

bm.ge გურჯაანის მუნიციპალიტეტსაც დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, კონკრეტულად სად განიხილება დაცული ტერიტორიების შექმნა, რაზეც განგვიცხადეს, რომ ეს მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 927 748 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 13.3%-ია. დღეისათვის, საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *