“რომა ჯელატო” მარნეულის გზატკეცილზე ახალ ფილიალს ხსნის – რა გეგმები აქვს კომპანიას 2025 წელს?

“რომა ჯელატო” მარნეულის გზატკეცილზე ახალ ფილიალს ხსნის – რა გეგმები აქვს კომპანიას 2025 წელს?

იტალიური გემოს ტრადიციების გამტარებელი კომპანია „რომა ჯელატო“ მაისის ბოლოს მარნეულის გზატკეცილზე ახალ ფილიალს გახსნის. ეს რიგით მეოთხე ფილიალი იქნება, რომლის შესახებაც კომპანიის დამფუძნებელმა, თამუნა უდესიანმა, ტელეკომპანია BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

როგორც უდესიანმა აღნიშნა, ფილიალის გახსნისთვის დაახლოებით 500,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მან ასევე დასძინა, რომ “რომა ჯელატოს” სტანდარტებით, თუნდაც ყველაზე პატარა ობიექტის გახსნისთვის, ინვესტიცია მინიმუმ 300,000 ლარს აღწევს.

„ინვესტიციის ნაწილი განსაკუთრებით მაღალია იმის გამო, რომ ჩვენი დანადგარები სრულად ევროპის ქვეყნებიდან და კონკრეტულად იტალიიდან შემოგვაქვს. შესაბამისად, პატარა ობიექტიც კი სოლიდურ რესურსს მოითხოვს,“ — აღნიშნა თამუნა უდესიანმა.

გაფართოებასთან ერთად, კომპანიის წინაშე კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა დგას, როგორც მომსახურების, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. შედეგად, გასულ წელს, მაშინ როდესაც კომპანიამ საწარმო გადააიარაღა და გააფართოვა, „რომა ჯელატოს“ უცხოელი პარტნიორების ჩართვაც მოუწია, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად სირთულეებისა, კომპანიამ 2024 წელს საწარმოს დანადგარებით გადაიარაღება შეძლო, რამაც წარმადობა დაახლოებით მესამედით გაზარდა. დღეისათვის, საწარმოს დღეში დაახლოებით 2,000 ლიტრ ნაყინის წარმოების შესაძლებლობა აქვს. თუმცა, როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, დატვირთულობა დიდწილად დამოკიდებულია ამინდზე და სეზონურობაზე.

კომპანია ორი ძირითადი მიმართულებით ოპერირებს — B2B და B2C. თუმცა 2023 წელს „რომა ჯელატომ“ B2B მიმართულებით განვითარებას მიანიჭა უპირატესობა და ყველა არსებულ პარტნიორთან მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ პასუხისმგებლობით მივდგომოდით პარტნიორებთან თანამშრომლობას და ახალი კლიენტების მოძიების ნაცვლად არსებული მოთხოვნები სრულად დაგვეკმაყოფილებინა,“ — ამბობს თამუნა უდესიანი.

დღეს „რომა ჯელატო“ მომხმარებელს ნაყინის 60-65 სახეობას, ასევე ყავისა და გამაგრილებელი სასმელების ასორტიმენტს, იმპორტირებულ ვაფლებსა და სხვადასხვა სახის ტკბილეულს სთავაზობს.

კომპანია 17 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და აცხადებს, რომ მომხმარებელს ისეთივე ხარისხის ჯელატოს სთავაზობს, როგორსაც რომში დააგემოვნებდით. გარდა ადგილობრივი გაფართოების, „რომა ჯელატო“ სამომავლოდ მეზობელ ქვეყნებზე ექსპანსიასაც გეგმავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *