რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა 9 მაისს მოსკოვზე იერიშს განახორციელებს, არავინ იძლევა გარანტიას, რომ 10 მაისს კიევი გადარჩება.
რუსეთის პრეზიდენტმა მაისის თვეში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება, 9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი რამდენიმე ლიდერს მასპინძლობს მოსკოვში, მათ შორისაა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.
მოსკოვის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ამას დათანხმდეს, თუ ცეცხლის შეწყვეტა 30 დღე გაგრძელდება, რაც პუტინმა რამდენჯერმე გამორიცხა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ, რუსეთთან ომის გაგრძელების გათვალისწინებით, უკრაინას არ შეუძლია, გარანტია მისცეს იმ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე, რომლებიც მოსკოვში 9 მაისის ტრადიციულ გამარჯვების აღლუმზე დასასწრებად ჩადიან.
„ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან თქვენს უსაფრთხოებაზე და, შესაბამისად, ჩვენ არანაირ გარანტიას არ მოგცემთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მედვედევის პასუხი ზელენეკის ამ განცხადებაზე ასეთია: „ზელენსკი ხვდება, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ კიევი 10 მაისს გადარჩება“.