დღეს, 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით კრიტიკული მედია ერთობლივ ეთერს მართავს. საერთო ეთერი მზია ამაღლობელის ხმოვანი მიმართვით გაიხსნა.
“გილოცავთ კოლეგებს, კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, რომ თქვენ გვერდით არ ვარ.
ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა, ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.
აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჩვენი პროფესია, ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება. ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი ევროპული მომავლისთვის მუშაობა.
მჯერა, სანამ ჯერ კიდევ იქნებიან და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან, მარტო არ ხარ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის და ქვეყნის შენარჩუნებას და განვითარებასაც. ამიტომაც მოვუწოდებ ჩემს მოქალაქეებს, ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა; ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავისუფალი, კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.
მივმართავ თანამედროვე, ცივილურ სამყაროს – ნუ დაგვტოვებს რუსეთის და მისი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ, მარტო. ნუ დაკარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან,” – განაცხადა მზია ამაღლობელმა ხმოვან მიმართვაში.