ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის 32-ე ტურის მატჩში სტუმრად „სტრასბურგთან“ 1:2 დამარცხდა. ეს საფრანგეთის ჩემპიონისთვის შიდა პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხია.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. 20-ე წუთზე ლუკა ერნანდესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ლემარეშალმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
პარიზელებმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, 46-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლას გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, თუმცა ძირითადი მოთამაშეების არყოფნაში მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად სათადარიგოთა სკამზე იყო. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩისთვის დაასვენა, რომელიც „არსენალთან“ ელის.