“ქართული ოცნება”, ვიცით, რომ აქ არის, მაგრამ არსად არ ჩანს” – გაუზიარა თავისი დაკვირვება „სამოქალაქო იდეა“–ს დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა BMG-ის აზიის განვითარების ბანკის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე მილანში.

თინა ხიდაშელის თქმით, „ყველა კარებზე გამოკრულია დახურული შეხვედრების განრიგი და ქართული ოცნება არსად არ არის მითითებული“.

BMG-იმ ყველა კარი ჩამოიარა. ამ დროისთვის ასეთი დაახლოებით 20–მდე კარია. ქართული ოცნება არსად მითითებული არ არის.

„ეს არ არის სესიის შეხვედრები, ეს არის ინდივიდუალური შეხვედრები, რომლებისთვისაც მთავრობები ოთახის დაჯავშნას წინასწარ ითხოვენ ხოლმე”,– განმარტავს თინა ხიდაშელი – ეს ძალიან სამწუხაროა“.

„სამოქალაქო იდეას“ დამფუძნებელი იმედს იტოვებს, რომ მომდევნო დღეებში არასესიურ, პირისპირ შეხვედრებზე საქართველოც გამოჩნდება.

„აქ წარმოდგენილ უზარმაზარ ფინანსურ და ექსპერტულ პოტენციალთან როცა არ გაქვს დაგეგმილი ურთიერთობების მთელი სერია, რომელიც ყოველთვის იყო ხოლმე – ეს ძალიან ცუდის ნიშანია“ – ამბობს BMG-სთან თინა ხიდაშელი.

„სამოქალაქო იდეა“–ს დამფუძნებელს მიაჩნია, რომ “ქართულ ოცნებას”, როგორც ხელისუფლებას არავინ არ უნდა ელაპარაკოს, თუმცა საქართველო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გრძელვადიან გეგმებში აუცილებლად უნდა დარჩეს.

ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 58–ე ყოველწლიურ შეხვედრას მილანში ოცნების ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მოადგილე ეკატერინე გუნცაძე ესწრებიან.

BMG პირისპირ დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიღებას ფინანსთა სამინისტროს პრეს–სამსახურისგან შეეცადა. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს პასუხი გვაქვს: „ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას ვიზიტზე. მოგივათ ინფორმაცია ყველაფერზე“.

BMG ლაშა ხუციშვილთან და ეკატერინე გუნცაძესთან ინტერვიუსაც ითხოვს. პარალელურად, ინდივიდუალური შეხვედრებისთვის განკუთვნილ ოთახებზე განრიგის ცვლილებებსაც დააკვირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *