5 მაისიდან Skype არსებობას წყვეტს – რა გზა გაიარა პლატფორმამ აქამდე?

5 მაისიდან Skype არსებობას წყვეტს – რა გზა გაიარა პლატფორმამ აქამდე?
Skype, ან, როგორც თავდაპირველად უწოდებდნენ, Skyper – 2003 წელს, ნიკლას ზენსტორმმა და იანუს ფრისმა დააარსეს ხედვით, რომ კომუნიკაცია ყველასათვის უფასო და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. აპლიკაციის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ოთხმა ესტონელმა დეველოპერმა იმუშავა და მალევე შეიქმნა პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებებით და ხმოვანი ზარებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკავშირებდა, ტრადიციული სატელეფონო ქსელების გვერდის ავლით და, შესაბამისად, უფასოდ.

სიმარტივემ და სანდოობამ “სკაიპი” მალე აქცია გლობალურ სენსაციად, ძნელად თუ მოიძებნებოდა პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც “სკაიპი” არ იყო ჩაწერილი. გარდა იმისა, რომ აღდგა ადამიანებს შორის კავშირი, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა, ბიზნესში დისტანციური თანამშრომლობის, განათლებაში კი ვირტუალური საკლასო ოთახის უზრუნველყოფის შესაძლებლობაც გაჩნდა. გასაკვირი არ იყო, რომ გაშვებიდან 1 წლის შემდეგ “სკაიპის” მომხმარებელთა რაოდენობა 100 მილიონს აღემატებოდა, ეს კი ზენსტორმისა და ფრისისთვის მხოლოდ დასაწყისი იყო.

2005 წელს ლუქსემბურგში ბაზირებული Skype Technologies eBay-მ $2.5 მილიარდ დოლარად შეისყიდა. სწორედ ამ შერწყმის შემდეგ დაიბადა “სკაიპის” ვიდეო ზარი, რომლის გაშვებიდან ერთი წლის თავზეც უნიკალური მომხმარებლის რაოდენობა თითქმის გასამმაგდა, შემოსავალმა კი $382 მილიონ დოლარს მიაღწია.

2008 წლიდან “სკაიპის” ბედ-იღბალი ბუნდოვანია, აღარც eBay იყო საკუთარი ინვესტიციით კმაყოფილი და აღარც ბიზნესს მოჰქონდა შემოსავალი – მიზეზად სახელდებოდა, რომ კომპანია ხარისხის მინიმალურ სტანდარტსაც ვეღარ აკმაყოფილებდა სტაბილურად. გაჩნდა დაძაბულობა eBay-სა და Skype-ის მმართველ გუნდებს შორის, რაც პლატფორმის დამფუძნებლების მიერ კომპანიის დატოვებით დაგვირგვინდა. ზენსტორმი და ფრიზი ჯოშ სილვერმენმა ჩაანაცვლა, რომელმაც გადაწყვიტა სრულად ვიდეო მიმართულებაზე კონცენტრირებულიყო. 2010 წლიდან “სკაიპი”, როგორც ვიდეო ზარების პლატფორმა, ყველა საოპერაციო სისტემაში იყო ინტეგრირებული, გამოჩნდა მისი მობილური აპლიკაციაც. 2011 წელს კი “სკაიპი” Microsoft-მა $8.5 მილიარდად შეისყიდა, რაც იმ დროისთვის რეკორდული გარიგება იყო. ტექგიგანტს სჯეროდა, რომ “სკაიპს” კომუნიკაციების სფეროს სრული დომინირების პოტენციალი ჰქონდა.

ადრეული წარმატების მიუხედავად, სმარტფონებისა და ახალი საკომუნიკაციო პლატფორმების აღზევებამ “სკაიპის” სუსტი მხარეები წარმოაჩინა. მაშინ, როცა სხვები სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ, “სკაიპი” კონკურენტებს ჩამორჩა და განვითარება შეწყვიტა. როცა სხვადასხვა მესენჯერზე ყოველთვიურად იტესტებოდა ახალი ფუნქციები, “სკაიპი” სტაგნაციაში დარჩა, დიზაინი დაუძველდა და მუდმივ პროგრამულ განახლებას საჭიროებდა. გაუფერულდა თავად “სკაიპის” ბრენდიც. ახალი თაობები ახალ პლატფორმებზე, Snapchat-ზე თუ Instagram-ზე გადაერთვნენ, პროფესიულ გარემოში კი Zoom-ისა და Team-ის აპლიკაციებს ანიჭებდნენ უპირატესობას; ერთ დროს ყველაზე პოპულარული პლატფორმა უკვე აღარავისთვის იყო პირველი არჩევანი.

როცა Microsoft-მა Skype შეისყიდა, იცოდა, რომ ყიდულობდა აპლიკაციას, რომელსაც ჰყავდა მილიონობით მომხმარებელი, ჰქონდა მილიარდზე მეტი გადმოწერა და, როგორც ჩანს არ იცოდა, რომ ეს რიცხვები მალე შემცირდებოდა. “სკაიპის დასასრულზე” უკვე აქტიურად საუბრობდნენ 2021 წლიდან, როცა მაიკროსოფტმა Windows 11 დააანონსა და, ათი წლის შემდეგ პირველად – სკაიპის ნაცვლად სისტემაში Teams ინტეგრირდა. 2023 წელს პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ასეული მილიონიდან, 26 მილიონამდე შემცირდა, თიმსის კი 300 მილიონამდე გაიზარდა; სკაიპის დახურვა გარდაუვალი იყო და ასეც მოხდა: 2025 წლის 5 მაისიდან აპლიკაცია არსებობას წყვეტს.

სკაიპის აღზევებისა და დაცემის ისტორია ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის ძვირად ღირებულ გაკვეთილს ატარებს:

  1. მთავარია ინოვაცია – ტექნოლოგიურ ეპოქაში წარსულ წარმატებაზე შეჩერება წარუმატებლობის ფორმულაა;
  2. მომხმარებლის გამოცდილება მნიშვნელოვანია – პლატფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ერგება ის მომხმარებლის საჭიროებებს;
  3. ადაპტირდი ან გაქრი – ახალ ტექნოლოგიებსა და ცვალებად ტენდენციებზე მორგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია;

მომავალი თაობებისთვის “სკაიპი” სოციალური მედიის ისტორიაში My Space-ისა და Vine-ის გვერდით ოქროს ასოებით ჩაიწერება. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ზარების პიონერი არსებობას წყვეტს, რევოლუციური როლი, რომელიც სკაიპმა კომუნიკაციების განვითარებაში შეასრულა, წარუშლელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *