“სასწორზე დადება ასეთი კატეგორიების, საოცარი რამეა. ოცნებამ მოახერხა, რომ გამოეყენებინა სიტყვები პატრიოტიზმი, ღირსება, სუვერენიტეტი, და აბსოლუტურად გამოაცალა შინაარსი – მშვიდობას გამოაცალა შინაარსი. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ აბსურდს დაუპირისპირებ რაღაცას, უფრო მეტად დამაჯერებელია ადამიანთა რაღაც კატეგორიისთვის.
“უნდა დავბომბო კიევი, რომ რუსეთი გადარჩეს” – ამ პოსტულატს რომ იჯერებს რუსეთის მოქალაქეების ნაწილი, ისეთივე კატეგორიაშია ვიღაც, ვინც იჯერებს, რომ მე პატრიოტიზმს ვამტკიცებ, თუ უარს ვაცხადებ ვიზალიბერალიზაციაზე. სამწუხაროდ, სუვერენიტეტის ცნება საერთოდ არ გვესმის, რა არის და ამ უშინაარსო სიტყვების გამოყენების გამო, უფრო ვუადვილებთ ოცნებას ჟონგლიორობას”, – თქვა დავით გზირიშვილმა.
მისივე შეფასებით, შეცდომა იყო წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან “ოცნების” ამ მესიჯბოქსისთვის სწორი გზავნილის არ დაპირისპირება.
“ზურა ჯაფარიძეს უთქვამს ხშირად, რომ ვერ მოიძებნა მარტივი კონტრკონსტრუქცია, ფრაზა, რომლითაც განეიტრალდებოდა “აბა ომი გინდა?” – შეიძლება ვერ მოიძებნა მარტივად, მაგრამ არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ არ ღირდა და არ შეიძლებოდა შინაარსი ჩაგვედო მშვიდობას შორის, კონკრეტულ მაგალითებზე გვეჩვენებინა და აგვეხსნა, რაზე იყო საუბარი. ის რომ მოწინააღმდეგემ შიშზე ააგო ყველაფერი, ამის ახსნა შეიძლებოდა და სოციოლოგებს და კომუნიკაციის სპეციალისტებს უამრავი მეთოდი აქვთ. შეცდომა იყო, ამის არ ახსნა”, – ამბობს დავით გზირიშვილი.