მიმდინარე წლის იანვარში, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია IPN-ს პატიმრის ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ დაუდასტურა. მისი თქმით, პატიმარი თითქმის სამი თვე კომაში იყო. “წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო”, — აცხადებს ადვოკატი. ადვოკატი IPN-თან ამბობს, რომ იოსებ გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, “TV პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხიდან ნაცემი პატიმარი კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს. “მთავარის” ინფორმაციით, ცნობილია, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი ავარიის შემდეგ დააკავეს, როდესაც თბილისიდან წალკაში, ქართული ოცნების აქციიდან მიმავალ აქტივისტებს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, კლინიკაში ომბუდსმენის რწმუნებული იყო მისული, მაგრამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ნახვა ვერ შეძლო. სახალხო დამცველმა გამოძიებას მოუწოდა, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.
გლდანის ციხეში ნაცემი პატიმარი იოსებ გორგაძე, წუხელ კლინიკა “ვივამედში” გარდაიცვალა
