ბიზნესის განწყობა უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება – ISET

ბიზნესის განწყობა უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება – ISET

2025 წლის II კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 3.6 პუნქტით გაიზარდა და -1.3-ს გაუტოლდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ISET-ის კვლევის თანახმად, ბიზნესის განწყობა კვლავ უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება.

ორგანიზაცია წერს, რომ BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

  • მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2025 წლის I კვარტალთან შედარებით მცირედით, 2.5 პუნქტით გაიზარდა და 2025 წლის II კვარტალისთვის -16.0-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მრეწველობის (+31.7) და სოფლის მეურნეობის (+12.5) სექტორებში დაფიქსირდა;
  • ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, 12.1 პუნქტამდე გაიზარდა. 2025 წლის II კვარტალისთვის მოლოდინების საგრძნობი გაუმჯობესება დაფიქსირდა საფინანსო (+46.6), მრეწველობის (+25.0) და სოფლის მეურნეობის (+25.0) სექტორებში;
  • გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 9.3-ით შემცირდა და 10.8 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა.

II კვარტალისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას კვლავ კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. რაც შეეხება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, მათთვის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორებიც კვლავ უცვლელია: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მოთხოვნის სიმცირე.

ცნობისთვის, I კვარტალისთვის 8.8 პუნქტით -5.0-მდე იყო შემცირებული. მაშინ, BCI-ის უარყოფითი ცვლილება “გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა”,.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *