გაურკვევლობა, რომელიც დღეს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სუფევს, ასევე შესაძლებლობაა, უფრო მედეგი და მდგრადი მომავლის შენებისთვის, განაცხადა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ დღეს ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე წლიური შეხვედრის გამხსნელ სესიაზე. ნათქვამია ADB-ის გავრცელებულ პრესრელიზში.

“საგარეო შოკები, სავალო ვალდებულებები და კლიმატის ცვლილება მძიმედ აწვება რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსა და ადგილობრივ ეკონომიკებს. თუმცა, ჩვენ ნულიდან დაწყება არ გვიწევს. გვაქვს მყარი ეკონომიკური ზრდა, ღრმავდება ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაცია, მრავალფეროვანი ხდება მიწოდების ჯაჭვები და სწრაფი ტემპებით ვითარდება ციფრული დაკავშირება და ინოვაციები. გაურკვევლობა უფლებას არ გვაძლევს მოვდუნდეთ. ეს ნიშანია გავხდეთ უფრო გაბედული, ვიმოქმედოთ სწრაფად და კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ერთად”, – განაცხადა პრეზიდენტმა კანდამ.

მილანში, იტალიაში ჩატარებულ წლიურ შეხვედრას 5000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს — მთავრობების წევრები, მათ შორის იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ასევე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

გამხსნელ სესიაზე ასევე სიტყვით გამოვიდა იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ჯანკარლო ჯორჯეტი და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრი და წლევანდელი თავმჯდომარე ფაბიო პანეტა. ორივე გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილეს ბანკთან იტალიის თანამშრომლობაზე.

“თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს უფრო მაღალ და მდგრად, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, თავიდან აგვარიდებს რისკებს და შეარბილებს მათ შესაძლო შედეგებს. როგორც წამყვანი მულტილატერალური ბანკი და აზიისა და წყნარი ოკეანის სანდო პარტნიორი, ADB მუშაობს კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად რეგიონულ და არარეგიონულ წევრებთან და პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა ჯანკარლო ჯორჯეტიმ.

წლევანდელი წლიური შეხვედრა ყურადღებას ამახვილებს იმ ოთხ მიმართულებაზე, რაც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მნიშვნელოვან გარდაქმნას მისცემს ბიძგს.

პირველი — რეგიონის სასურსათო უზრუნველყოფის გასაძლიერებლად, ADB 2030 წლამდე სასურსათო სისტემების განვითარების დაფინანსებას 40 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდის.

მეორე — ADB ინვესტირებას აკეთებს ციფრულ ტექნოლოგიებში განათლებაზე, ფინანსებსა და ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით.

მესამე — ADB ინვესტიციას დებს ენერგეტიკის სისტემების მოდერნიზებასა და ურთიერთადაკავშირებაში, მათ შორისაა მზაობა $10 მილიარდით გაზარდოს დაფინანსება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) გადამცემი ხაზის მუშაობის ხელშესაწყობად.

მეოთხე — ADB ზრდის ინვესტირებას მედეგობის მისაღწევად ინფრასტრუქტურის გაძლიერებით, ეკოსისტემების აღდგენითა და დაცვით და ეხმარება მოწყვლად თემებს კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციაში.

ADB ასევე ადასტურებს კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერას. ბანკის მიზანია 2030 წლამდე გააოთხმაგოს კერძო სექტორის დაფინანსება და გახადოს წელიწადში $13 მილიარდი.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *