“გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას მე არ ვიმსახურებდი. ეს არის ჩემი დაუმთავრებელი საქმეები — მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?”, — ასე მიმართა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს. ვალერი გელბახიანის უკმაყოფილების მიზეზი ის საჩივრები გახდა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პროკურატურაში შეიტანა და რომლითაც საკუთარი ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს, თუმცა საქმეები დღემდე დასრულებული არ არის. “[ვგულისხმობ საჩივრებს] გემთმშენებლობის ნაწილში და მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს ჯარიმა არ მეკუთვნოდა”, — განაცხადა გელაშვილმა. წულუკიანის კითხვაზე — გაასაჩივრა თუ არა აღნიშნული, ვალერი გელაშვილმა უპასუხა: “საკუთარ ხელისუფლებას ვუჩივლო? რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?” თეა წულუკიანმა გელაშვილს შეახსენა, რომ ამ საქმეებზე მას ორი ინსტანცია უკვე მოგებული აქვს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვერ მოიგებდა. “რატომ? სააკაშვილის ჯარიმას თუ გაასაჩივრებდით, ეს ხელისუფლება, რა შუაშია? ამ ხელისუფლებამ ეს ჯარიმა გაგინახევრათ, 2 მილიონი გაპატიათ. ასევე, სასამართლოში პირველი და მეორე ინსტანცია მოგიგიათ და ელოდებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ალბათ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ამ ორ ინსტანციას ვერ მოიგებდით. ჰო, ცოცხლები თუ ვიქნებოდით, ესეც საკითხავია სააკაშვილი რომ აქ ყოფილიყო, ამიტომ, ამისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა, რომ ჩვენ ვართ ცოცხლები”, — განაცხადა წულუკიანმა. ამის შემდეგ ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უკვე წასული ისტორიაა. წულუკიანმა რეპლიკა შეუსწორა: “წასული ისტორია არ არის. მე არ ვიცი, ეს როგორ ჩანს ვილნიუსიდან, რომელიც დღეს ყველას გვასანქცირებს და სანქციების ქვეშ გვამყოფებს. ჩვენც არ ვიმსახურებდით ამას, თქვენი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოსგან. ეს როგორ ჩანს იქიდან, არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილი წასული არსად არ არის, ის ცდილობს დაბრუნებას. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. დანარჩენი გასაგებია. ამ სხდომას პროკურატურა და საქართველოს სასამართლოებიც უსმენენ და იმედი მაქვს, რომ თქვენი სხვა პროცედურებიც დამთავრდება ისეთივე წარმატებით, როგორც, ხაზს ვუსვამ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოიძია თქვენზე თავდასხმის საქმე და დაისაჯნენ ის პირები, ვინც იყვნენ დამკვეთები. შესაბამისად, ესეც უნდა აღინიშნოს ხმამაღლა. რომ არა ეს, დღეს ფაქტობრივი გარემოებები დადგენილიც კი არ იქნებოდა. ამიტომ, მადლობა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისთვის და იმ საქმეზე, რომელიც შეტანილი გაქვთ, იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის შედეგი, რომელიც თქვენ მოგწონთ. მადლობა მობრძანებისთვის, ახლა უკვე ნახვამდის!”, — უპასუხა თეა წულუკიანმა ვალერი გელაშვილს (ტექსტს IPN ავრცელებს).
“ქალბატონო თეა, ამას მე არ ვიმსახურებდი. რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?” — ვალერი გელაშვილი თეა წულუკია
