პრეზიდენტის თქმით, ახალ ალკატრასში ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი დამნაშავეები მოთავსდებიან, რამაც დონალდ ტრამპი და მისი სამართალდამცავი პოლიტიკა კანონის, წესრიგისა და სამართლიანობის სიმბოლოდ უნდა აქციოს. აშშ-ის ყველაზე მკაცრი ციხე, როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა ქვეყანაში.
ალკატრასი, რომელიც სან-ფრანცისკოს ნაპირიდან დაახლოებით 2.4 კილომეტრში მდებარეობს, 1934 წელს გაიხსნა და უმაღლესი უსაფრთხოების ფედერალურ ციხედ ფუნქციონირებდა. იმ დროს, ალკატრასში ცნობილი კრიმინალები იყრიდნენ თავს, მათ შორის ალ კაპონე და ჯორჯ კელი. 1963 წელს ციხე დაიხურა, რაც, ოფიციალურად, მაღალი საოპერაციო ხარჯებით იყო ახსნილი, რადგან ალკატრასის შენახვა თითქმის სამჯერ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფედერალური ციხისა. საქმე ისაა, რომ ალკატრასს არ გააჩნდა სასმელი წყლის რეზერვუარი, რის გამოც პატიმრებისთვის წყალი ციხეში ნავით შეჰქონდათ — საუბარია ყოველკვირეულად თითქმის სამი მილიონი გალონი წყლის ტრანსპორტირებაზე.
თუკი დონალდ ტრამპის იდეა, რომელიც ალკატრასის ხელახლა გახსნას, მის გაფართოებას და მის მართვაში სხვადასხვა უწყებების, მათ შორის იუსტიციის დეპარტამენტის, FBI-ის და წიაღისეულის დეპარტამენტის ჩართვას გულისხმობს, მართლაც რეალიზდა, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. პროექტის ზუსტი ღირებულება ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ მაგრამ ექსპერტების შეფასებით, პროექტის საერთო ღირებულება ორი-სამი მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება, რაც მოიცავს, როგორც კუნძულზე არსებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას და გამაგრებას, ასევე დენის, წყლის და საკვები რესურსების რეგულარულ ტრანსპორტირებას, პერსონალის უზრუნველყოფას და უსაფრთხოების სისტემების დანერგვას და ისტორიული შენობების ნაწილობრივ შენარჩუნებას.
ჩვეულებრივი ციხის აშენება ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალოდ $600 მილიონიდან $1 მილიარდამდე ჯდება, მაგრამ ალკატრასის შემთხვევაში, ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის ციხის ლოკაცია. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპისთვის ალკატრასის ხელახლა გახსნა მხოლოდ სამართლებრივი საკითხი არაა – ეს არის მძლავრი პოლიტიკური სიგნალი, რომელსაც ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის კონტროლის დღის წესრიგის გასაძლიერებლად იყენებს. პრეზიდენტის სხვა ინიციატივებიდან ერთ-ერთი არალეგალი მიგრანტების ელ-სალვადორში დეპორტაციას ითვალისწინებს, ანუ ამ როლს, ნაწილობრივ, ალკატრასი შეითავსებს.