ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც „MEGOBARI ACT”-ი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გასულ წელს წარადგინა.
მისი თქმით, „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარს უჭერს ქართველ მამაც ხალხს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოდიან.
“თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ისინი არ დაუშვებენ, კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს, კერძოდ გადასცეს პორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზაცია დაიწყო და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ამერიკული კომპანიების შეთავაზებები უარყო და 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცა. ეს კი ამერიკის შუა დერეფანთან და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას ბლოკავს. რეჟიმი პროპაგანდას ყოველდღიუარად იყენებს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს „დიფ სტეიტის“ მარიონეტებად აცხადებს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის და ასევე, უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების გამყარებას საქართველოს მის კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემდეგ. მოგიწოდებთ, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ“, – განაცხადა ჯო უილსონმა.
„MEGOBARI ACT”-ის განხილვაზე სიტყვით გამოვიდა, კონგრესმენი სტივ კოენიც, რომელმაც თქვა, რომ აქტი “ქართული ოცნების” წევრების სანქცირებას ითვალისწინებს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და კორუფციის გამო.
“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა. არალეგიტიმურმა “ქართული ოცნებამ”, რომელსაც სათავეში ივანიშვილი უდგას, გააყალბა 2024 წლის არჩევნები და მას შემდეგ მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს. ყოველ კვირას აქციებზე აპროტესტებენ თავისუფლების მიტაცებას. ქართველი ხალხი უკვე 150 დღეა აპროტესტებს, აქციის მონაწილეები მოითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. აშშ საქართველოს დიდი მხარდამჭერია და MEGOBARI აქტში” გამოხატულია ეს მხარდაჭერა”, – განაცხადა კონგრესმენმა სტივ კოენმა.
„MEGOBARI ACT”-ი გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI ACT”-ი ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მიმდინარე წლის 27 მარტს მხარი დაუჭირა.