ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ბექა ურუშაძე უხელმძღვანელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ბექა ურუშაძე უხელმძღვანელებს
“ქართული ოცნების” მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის წარდგინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბექა ურუშაძე დაინიშნა.

ბექა ურუშაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ტაბიძე შეცვალა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბექა ურუშაძე არის ეკონომისტი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დოქტორი (PhD). ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებში მიღებული აქვს საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, ბიზნესისა და ფინანსების მართვის პროფესიული განათლება.

ბექა ურუშაძეს აქვს კერძო და საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იკავებდა კომერციული ორგანიზაციების მმართველის პოზიციებს. იყო კომპანია „ურუს ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი, Space Neobank-ის (თიბისი ჯგუფი, LSE: TBCG) პარტნიორი და საერთაშორისო ექსპანსიის ხელმძღვანელი, „კრედო ბანკის” ციფრული ბანკისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, VisionFund International-ის ბიზნესანალიტიკოსი. ასევე, სხვადასხვა წლებში იყო World Vision International საქართველოს წარმომადგენლობის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი და World Vision International აშშ-ს ოფისში ბიზნესანალიტიკოსი.

2011-2012 წლებში, ბექა ურუშაძე, იყო პროექტის მენეჯერი საჯარო სექტორის ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტში (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო), 2013 წლიდან – მრჩეველი საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და მრჩეველი ამავე საკითხებში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *