ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემასთან დაკავშირებით ბრძანება გამოიცა – როდის ამოქმედდება?

ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) გამარტივებული საბაჟო ფორმალობების შესახებ ფინანსთა მინისტრის ბრძანება გამოიცა.

NCTS-ი მიმდინარე წლის 15 მაისიდან საქართველოდან გამავალ ტვირთებზე, ხოლო 1 ივნისიდან საქართველოზე ტრანზიტულად გამავალ ტვირთებზე ქართული გარანტიების სავალდებულო მოთხოვნის დაწესებას ითვალისწინებს.

შესაბამისი ცვლილება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

„სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებული ტრანზიტის დეკლარაციის საფუძველზე, გადაადგილდება:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ტრანზიტულად გავლისას (საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის/გარე გადამუშავების საბაჟო პროცედურით ან რეექსპორტით გატანისას (საავტომობილო ან საზღვაო ტრანსპორტით).

ამასთან, TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ რეგისტრირებული ტრანზიტის დეკლარაციის გამოყენება სავალდებულო არ არის.

ბრძანებით განსაზღვრულია საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელებისას ტრანზიტის დეკლარაციის გრაფების შევსების წესიც.

2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ – საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები – NCTS-ის მეშვეობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *