ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები დაიწყო. ეს გასულ თვეს ჯამუსა და ქაშმირში მომხდარ ტერორისტულ აქტს უკავშირდება, რამაც 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამის ნიადაგზე გამწვავდა დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობს. ეს აჩენს საშიშროებას, რომ, შესაძლოა, კონფლიქტი ატომურ შეტაკებაში გადაიზარდოს.
საინტერესოა, რომ მსგავსი სცენარი 2019 წლის კვლევამ იწინასწარმეტყველა – ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბირთვული კონფლიქტი, რომელიც 2025 წელს მასშტაბური ტერორისტული აქტის (ინდოეთის პარლამენტზე თავდასხმა) შემდეგ ვითარდება. ნაშრომში გამოთქმულია ვარაუდი, ეს ინდოეთს აიძულებდა, კონტროლის ხაზის გასწვრივ სამხედრო მობილიზება უზრუნველეყო. ამას პაკისტანი ანალოგიური სამხედრო მზადყოფნით უპასუხებდა.
კვლევის თანახმად, დაპირისპირება სწრაფად გადავიდოდა შეიარაღებულ შეტაკებებში, რაც მსხვერპლით დასრულდებოდა.
“როგორც ეს 2002 წლის იანვარში მოხდა, ორივე ქვეყანა მობილიზდება, დაიწყება შეტაკებები და დანაკარგები ორივე მხარეს იქნება”, – ვკითხულობთ პროგნოზში.
ნაშრომის მიხედვით, პაკისტანის ტერიტორიასთან ინდოეთის ჯარების მიახლოებისას პაკისტანის გენერლები ომის წაგების შიშის გამო ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადავლენ. მოვლენები ასე ვითარდება:
პირველი დღე – პაკისტანი საკუთარ ტერიტორიაზე ინდოეთის ტანკების წინააღმდეგ 10 ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს (თითოეულის სიმძლავრე 5 კილოტონა) იყენებს.
მეორე დღე – პაკისტანი კიდევ 15 ბირთვულ იარაღს უშვებს. პასუხად ინდოეთს პაკისტანის სამხედრო ობიექტებსა და ბირთვულ საწყობებზე 20 სტრატეგიული ბირთვული ავიაიერიში მიაქვს. ამ აფეთქებებს თან ახლავს მასშტაბური ხანძრები და კვამლის უზარმაზარი ღრუბლები, მაგრამ ეს ესკალაცია ომს არ აჩერებს, არამედ პირიქით ხდება.
მესამე დღე – პაკისტანი 30 ავიაიერიშს ახორციელებს ინდოეთის სამხედრო ბაზებზე, საზღვაო ფლოტსა და ქალაქების ავიაბაზებზე, ასევე კიდევ 15 ტაქტიკურ იარაღს უშვებს. ინდოეთი საპასუხოდ ბირთვულ შეტევას აწყობს პაკისტანის 10 სამხედრო ობიექტზე, რომლებიც ქალაქებშია განლაგებული.
კვლევაში ბირთვული შეტაკების კატასტროფული შედეგებია ნაწინასწარმეტყველევი: 50-დან 125 მილიონამდე ადამიანის დაუყოვნებლივი სიკვდილი (აფეთქებების სიმძლავრის მიხედვით); ინდოეთისა და პაკისტანის უმსხვილესი ქალაქების განადგურება ან საცხოვრებლად უვარგისად ქცევა; ინფრასტრუქტურის სრულად ჩამოშლა — ჯანდაცვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ეკონომიკა.
პროგნოზის თანახმად, ზარალი მხოლოდ რეგიონული მასშტაბის არ იქნება. ხანძრებისა და კვამლის კლიმატური ეფექტები მთელ პლანეტას შეეხება. მოსალოდნელია გლობალური შიმშილობაც, რომელიც მილიარდობით ადამიანზე იმოქმედებს.
ინდოეთ-პაკისტანის ბოლო დაპირისპირება ჯერ ახალი დაწყებულია და ძნელია იმის განსაზღვრა, რა მოჰყვება მას. ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი მხოლოდ პროგნოზად რჩება და, იმედია, რეალობად ქცევა არ უწერია.