უმსხვილესი სარკინიგზო კომპანიები შემოსავლის მიხედვით – TOP 10

უმსხვილესი სარკინიგზო კომპანიები შემოსავლის მიხედვით – TOP 10
გლობალური ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, სარკინიგზო ინდუსტრია მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენად რჩება, როგორც მსოფლიო ვაჭრობის, ისე მგზავრთა გადაყვანის მიმართულებით. 2024 წელს სარკინიგზო კომპანიათა იმ ნაწილმა, რომლებიც საფონდო ბირჟაზეა დალისტული და საჯაროდ ივაჭრება, თითქმის $330 მილიარდის შემოსავალი მიიღეს. იქნება ეს ჩქაროსნული ქსელის ოპერატორი ჩინეთში თუ მასშტაბური სატვირთო სისტემა შეერთებულ შტატებში, ეს კომპანიები ეკონომიკის უმსხვილეს მოთამაშეებს წარმოადგენენ და გლობალურ ვაჭრობასა და მობილურობაზე უზარმაზარ გავლენასაც ახდენენ.

წარმოგიდგენთ იმ სარკინიგზო კომპანიათა რეიტინგს, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს.

10. Canadian Pecific Railway – $10.55 მლრდ

ალბერტაში, ქალაქ კალგარში ბაზირებული სარკინიგზო ხაზის ოპერატორის, Canadian Pecific Railway Limited-ის შემოსავალი 2024 წლის ანგარიშგების თანახმად, $10.55 მილიარდს შეადგენს. Canadian Pecific მონტრეალიდან ვანკუვერამდე 20 000 კილომეტრიან სარკინიგზო ხაზს მართავს. მისი მმართველობის ქვეშაა რკინიგზა მინეაპოლისში, დეტროიტში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკსა და შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც. 2023 წელს სარკინიგზო კომპანიის შემოსავალი $9.37 მილიარდი იყო.

9. Kintetsu GHD – $11.11 მლრდ

Kintetsu Group Holdings იაპონური ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც Kintetsu Railway-სა და Kintetsu World Express-ს მართავს, სხვა 142 კომპანიასთან ერთად. მგზავრთა გადამყვანი Kintetsu Railway იაპონიის უმსხვილესი სარკინიგზო სისტემაა, Japan Railways Group-ის გამოკლებით, და 501 კმ-ს მოიცავს. Kintetsu GHD-მ გასულ წელს $11.11 მილიარდის შემოსავალი მიიღო, 2023 წელს კი – $11.72 მლრდ.

8. West Japan Railway – $11.15 მლრდ

West Japan Railway – Japan Railways Group-ში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის დასავლეთით, კუნძულ ჰონსიუზე ოპერირებს. სარკინიგზო ოპერატორის შემოსავალმა 2024 წელს $11.15 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით მცირედითაა შემცირებული. 2023 წლის 12 თვეში West Japan-მა $11.39 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

7. Central Japan Railway – $11.67 მლრდ

Japan Railways Group-ში შემავალი მორიგი კომპანია JR Central ცენტრალურ იაპონიაში მოქმედი მთავარი სარკინიგზო კომპანიაა, რომელიც იაპონიაში ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის ერთ-ერთ უმსხვილეს ოპერატორსაც წარმოადგენს. გასულ წელს JR Central-ის შემოსავალი თითქმის უცვლელი დარჩა და $11.64 მილიარდიდან წლიურად $11.67 მილიარდამდე გაიზარდა.

6. Norfolk Southern – $12.11 მლრდ

ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი კომპანია Norfolk Southern Railway 31 100 კმ-იან სარკინიგზო ხაზს ქვეყნის 22 შტატში მართავს. კომპანიის ბოლო ანგარიშგების თანახმად, მისმა შემოსავალმა 2024 წელს $12.11 მილიარდს მიაღწია.

5. Canadian National Railway – $12.37 მლრდ

მონტრეალში ბაზირებული ოპერატორი კანადაში, შუა აღმოსავლეთ და სამხრეთ შეერთებულ შტატებში მოქმედი, კანადის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანიაა, რომელიც 32 000 კმ-იან სარკინიგზო ხაზს მართავს. გასულ წელს Canadian National Railway-ის შემოსავალმა $12.37 მილიარდი შეადგინა.

4. CSX Corporation – $14.28 მლრდ

CSX Corporation ამერიკული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც აშშ-სთან ერთად კანადის ორ პროვინციაში – ონტარიოსა და კვებეკში – 34 000 კმ-იან სარკინიგზო ხაზს მართავს. კომპანიის შემოსავალი 2024 წელს $14.28 მილიარდი იყო.

3. East Japan Railway – $18.62 მლრდ

Japan Railways Group-ში შემავალი შვიდი კომპანიიდან უმსხვილესი, JR East ტოკიოში, შიბუასა და იოიოგიში ბაზირებული სამგზავრო სარკინიგზო კომპანიაა, რომელიც, ამავდროულად, იაპონიაში ყველაზე შემოსავლიანი სარკინიგზო ოპერატორიცაა. East Japan Railway-ის 2024 წლის შემოსავალი $18.62 მილიარდია.

2. Union Pacific Corporation – $24.25 მლრდ

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე შემოსავლიანი სარკინიგზო კომპანია 8300 ლოკომოტივსა და 51 700 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზს მართავს. კომპანია დუოპოლიას აშშ-ის უმსხვილეს რკინიგზასთან, BNSF-სთან იზიარებს, რომელთანაც ტრანსკონტინენტურ სატვირთო სარკინიგზო ხაზებს იყოფს. 2024 წელს Union Pecific-ის შემოსავალმა $24.25 მილიარდი შეადგინა.

1. China Railway Construction – $148.14 მლრდ

რეიტინგში პირველი ჩინური კომპანიის 2024 წლის შემოსავალი დაახლოებით 500%-ით აღემატება მისი წინამორბედის მაჩვენებლებს. China Railway Construction Corporation აშშ-ის მიერ სანქცირებული, უკრაინის მიერ კი “ომის საერთაშორისო სპონსორთა” სიაში შეყვანილი კომპანიაა. კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრირების ეროვნული საბჭოს” მართვის ქვეშაა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო ჯგუფს წარმოადგენს. CRCC-ის შემოსავალი 2022 წლიდან კლების ტენდენციას აფიქსირებს და 2024 წელს $148.14 მილიარდი შეადგინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *