ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ლაშა აბაშიძემ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით ფერაძე შეცვალა, რომელიც თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.
„რკინიგზის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ჩვენი ინტერესია, გაიზარდოს როგორც გადაზიდვების მოცულობა, ისე შემოსავლები,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
“გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა წარადგინეს.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ლაშა აბაშიძეს აქვს რკინიგზის სექტორში და საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, რაც ნიშნავს, რომ ადაპტაციის ეტაპი მოკლე და ეფექტური იქნება. მან წარმატება უსურვა ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის პოსტზე და მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს გაწეული საქმიანობისთვის.
ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2006-2009 წლებში კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის იყო შესყიდვების სააგენტოს უფროსი, სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე და ოპერაციათა მართვის ხელმძღვანელი. ლაშა აბაშიძე პროფესიით იურისტია, ხოლო მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს საჯარო ადმინისტრაციის მართვის მიმართულებით.
2015-2017 წლებში ლაშა აბაშიძე თბილისის ვიცე-მერი იყო, 2014-2015 წლებში – ვაკის გამგებელი, ხოლო 2013-2014 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი”,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში.