ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა
ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მთავრობამ, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეზღუდვის ეროვნულ დონეზე გატარების გადაწყვეტილება მიიღო.

“დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ მიიღებს რიგითი ადამიანების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობას და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მცდელობას საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

მისივე განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება განიხილება საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვისაც.

ცნობისთვის, ესტონეთმა საქართველოს 83 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდა. მათ შორის არიან როგორც “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება 27 იანვარს მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული დიპლომატიური პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს აეკრძალათ. ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნის კანონმდებლობაში უნდა აისახოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *